თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია

20:10, 13.04.2018

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

როგორც კუპატაძემ აღნიშნა, მკვლელობის დროს ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

„ბარნოვის ქუჩიდან შემოვიდა შეტყობინება. ადგილზე მოსულ საპატრულო ეკიპაჟს გარდაცვლილი დახვდა 1993 წელს დაბადებული მანდილოსანი. მას აღენიშნებოდა ძალადობის კვალი. მიმდინარეობს მეზობლების გამოკითხვა“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.

კუპატაძის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დაახლოებით 18:30 საათზე იპოვეს.

როგორც პირველ არხს ბარნოვის ქუჩის მცხოვრებლებმა განუცხადეს, ახალგაზრდა ქალს მამაკაცმა ყელი გამოჭრა, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან გადახტა და გაქცევა მოახერხა.

 

მსგავსი