ბადრი ჯაფარიძე - სიმართლის დადგენის ნაცვლად, არის ფაქტების დამალვისა და ფაბრიკაციის მცდელობა
ბადრი ჯაფარიძე - სიმართლის დადგენის ნაცვლად, არის ფაქტების დამალვისა და ფაბრიკაციის მცდელობა

ჩვენ ვნახეთ, ერთ-ერთი მოხელის მიერ წაკითხული შემოწმების აქტი, სადაც საუბარი იყო ინტერესთა კონფლიქტზე, თუმცა არაფერი თქმულა დანაშაულზე, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, დღევანდელ პროცესზე დაკითხულმა მოწმემ კითხვებს პასუხი ვერ გასცა.

„იყო მცდელობა ფაქტების დამალვის, ფაბრიკაციის, არა სიმართლის დადგენის, არამედ როგორღაც თავიანთი მოგონილი ბრალდების ხაზის წაყვანის. რა თქმა უნდა, დღეს მოწმეს არაფერი უთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაული იყო ჩადენილი. ვერ იტყოდა, რადგან ასეთი რაიმე არ არსებობს. უბრალოდ ხდებოდა მისი წარმოჩენა, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი მოწმისა. სინამდვილეში ჩვენ ვნახეთ, ერთ-ერთი მოხელის მიერ წაკითხული შემოწმების აქტი, სადაც საუბარი იყო ინტერესთა კონფლიქტზე, ჯარიმაზე, რომელსაც თავის დროზე ბანკი არ ეთანხმებოდა. ჩვენი მხრიდან იყო ბევრი შეკითხვა, რაზეც პასუხი ვერ გაგვცა.

მნიშვნელოვანი იყო ის, რატომ არ თქვა მოწმემ ერთი სიტყვა თავის დასკვნაში, როდესაც 2008 წელს სესხები გაპრობლემდა რუსეთის საქართველოში შემოჭრის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომების განრიგზეც გამოთქვა უკმაყოფილება.

„როდესაც ყოველ მეორე დღეს გვიწევს სასამართლოში სიარული, ცხადია, რომ იმ დღეს, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. იანვარი-თებერვალი ისეთი ინტენსივობით ჩაინიშნა სხდომები, რომ პრაქტიკულად სხვა საქმის კეთება თითქმის შეუძლებელი გახდება. თუმცა ეს ვერ შეგვაფერხებს და ჩვენს საქმიანობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი დაიკითხა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც.