ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ ალბათ შეეცდება მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამოყენებას, რათა ამომრჩევლები დააშინოს
ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“ ალბათ შეეცდება მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამოყენებას, რათა ამომრჩევლები დააშინოს

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ჩვენს გეგმებში არანაირი ცვლილება არ შეუტანია, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

„ვერ გეტყვით, ჩამოვა თუ არ ჩამოვა. მინდა, გითხრათ, რომ ამ განცხადებას ჩვენს გეგმებში არანაირი ცვლილება არ შეუტანია. ჩვენ ვართ ფოკუსირებული 2 ოქტომბერზე, ფოკუსირებული ვართ იმაზე, რომ ჩვენი თანამოქალაქეები მაქსიმალურად მოვიდნენ საარჩევნო ყუთებთან და რომ 3 ოქტომბერს გავიღვიძოთ სტაბილურ, იმედიან ქვეყანაში, სადაც ზიზღი, სიძულვილი, რომელსაც ნერგავს „ქართული ოცნება“, აღარ იქნება დანერგილი და შესაბამისად, შევძლებთ, დავიწყოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების ყოფას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გავუმკლავდეთ პანდემიის გამოწვევას, ეკონომიკურ გამოწვევებს, სოციალურ გამოწვევებს. ამაზე ვართ ჩვენ ახლა კონცენტრირებული“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდი სავარაუდოდ შეეცდება მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამოყენებას.

„ქართული ოცნება“ ალბათ შეეცდება ამ განცხადების გამოყენებას, რათა დააშინოს ამომრჩევლები, როგორც ადრე უქნია და ამ დაშინების საფუძველზე თავისი მომხრეების მობილიზაცია გააკეთოს, მაგრამ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ეს მაინც არ იმუშავებს. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ მთავარი ხაზი დარჩენილი ხუთი დღის განმავლობაში. ეს არის მშვიდი გარემოს უზრუნველყოფა, ჩვენი თანამოქალაქეების მშვიდად მოსვლა საარჩევნო ყუთებთან, არჩევნების შემდეგ ხმების დაცვა და „ქართული ოცნების“ გასტუმრება ხელისუფლებიდან. აი, ეს არის ჩვენი ფოკუსი, ჩვენი პრიორიტეტი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის საღამოსთვის აიღო ბილეთი კიევი-თბილისის რეისზე და ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.