ბადრი ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, საზოგადოების წინაშე თავს ნუ შეირცხვენენ, აღებული ვალდებულება უნდა შეასრულონ
ბადრი ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, საზოგადოების წინაშე თავს ნუ შეირცხვენენ, აღებული ვალდებულება უნდა შეასრულონ

„ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი აქვს მორიგ მცდელობას, რომ პარლამენტს და მთელ საზოგადოებას გადაახიოს თავზე უკვე შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, შეთანხმება კვლავ დაარღვიოს.

„მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ შარლ მიშელის დოკუმენტიდან „ქართული ოცნების“ დემარშით გამოსვლის შემდეგ, მმართველ გუნდთან დამატებითი შეთანხმება მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ მხარს დაუჭერდნენ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას დაბალი ბარიერით, თუ ამოღებული იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი. ეს იყო მათი კიდევ ერთი პირობა, რომელსაც როგორც ჩანს, კვლავ ცდილობენ, რომ დაარღვიონ. საოცრებაა, რადგან ალბათ, ეს თავმოყვარეობის თემაც არის. ელემენტარული თავმოყვარეობა „ქართულ ოცნებას“ საშუალებას არ უნდა აძლევდეს, რომ ასე ურცხვად კვლავ შეეცადოს დამატებითი შეთანხმება, რომელიც კომპრომისად ჩაითვალა, დაარღვიოს. რასაც კეთილი ნების გამოვლენას უწოდებენ, ეს არის მათ მიერ აღებული ვალდებულება, რომელიც კიდევ ერთხელ აიღეს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. რა ძალაა ეს, რომელსაც შეუძლია, თავისი ვალდებულებები ნებისმიერ დღეს გადახიოს? რას ემსახურება ეს ყველაფერი? იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ძალას, რომელსაც არ აღელვებს მის მიერ აღებული ვალდებულებების გადახევა, რა მნიშვნელობა აქვს მასთან თანამშრომლობას რაიმე საკითხზე, თუ მათ შეუძლიათ, ასე ცვალონ თავიანთი პირობა და აღებული სიტყვა. „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, საზოგადოების წინაშე თავს ნუ შეირცხვენენ და ის, რაზეც ვალდებულება აიღეს და საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია, უნდა შეასრულონ. ის, რომ რაღაც გახადონ სავაჭრო საგანი და ეს იყოს ხრიკებისა და მანიპულაციების საგანი, არ გამოვა, რადგან ეს იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან ის ნაბიჯი, რომელიც დაამთავრებს საერთოდ ყველა ილუზიას, რომ ამ ძალასთან რაიმე საუბარს აზრი აქვს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პოზიციაა, რომ კანონპროექტიდან მომდევნო არჩევნებზე ჩანაწერი ამოღებული უნდა იყოს, ბარიერის კუთხით კი, რამე ცვლილება თუ იქნება, უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან.