ბადრი ჯაფარიძე - პროკურატურის განცხადებამ ფულის გათეთრების შესახებ საქმის აღძვრაზე დიდი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ კონკრეტულ ინსტიტუტს, არამედ ქვეყანას
ბადრი ჯაფარიძე - პროკურატურის განცხადებამ ფულის გათეთრების შესახებ საქმის აღძვრაზე დიდი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ კონკრეტულ ინსტიტუტს, არამედ ქვეყანას

პროკურატურის განცხადებამ ფულის გათეთრების შესახებ საქმის აღძვრაზე დიდი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ კონკრეტულ ინსტიტუტს, არამედ ქვეყანას, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული პროცესი მალე დასრულდება, რათა ბიზნესმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე გააგრძელოს საქმიანობა.

„პროკურატურის მიერ განცხადებამ ფულის გათეთრების შესახებ საქმის აღძვრაზე დიდი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ კონკრეტულ ინსტიტუტს, არამედ ქვეყანას იმის გამო, რომ იმ ტრანზაქციებს, რომელზეც საუბარია, არანაირი კავშირი არ აქვს და ვერ ექნება ფულის გათეთრებასთან. თუმცა, ჩვენ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ამიტომ შეგვიძლია მხოლოდ როგორც საქართველოს მოქალაქეებმა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, დავეთანხმოთ ამა თუ იმ განცხადებას, რომელიც მომდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტიდან. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქალაქეობრივი უფლება, რომ არ დავეთანხმოთ, მაგრამ ასეთი ტიპის განცხადებები, მით უმეტეს, როდესაც მას უკან მას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ზიანს აყენებს ქვეყანას.

იმედი მაქვს, ეს პროცესი მალე დასრულდება, რათა ბიზნესმა გააგრძელოს თავისი საქმიანობა ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ყველა ის პროექტი, რომელიც ჩვენს დავიწყეთ, გაგრძელდეს შეუფერხებლად, რადგან ასეთი ტიპის განცხადებები აფერხებს ინვესტიციების მოზიდვას და პროექტების განვითარებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ საკითხის საჯარო განხილვას საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ. სხდომის დაწყებისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განმარტა, რატომ არ მიაჩნდა, მას ამ თემის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად. ამასთან, გვენეტაძემ  ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის იტანად შეაფასა. დეპუტატების განცხადებებისა და კამათის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მისი თქმით, საკითხის საჯაროდ განხილვა შეიძლება, საფრთხეს შეიცავდეს.

კომიტეტის სხდომას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც ესწრებოდნენ.

„თიბისი ბანკის“ საქმეზე პროკურატურამ 9 იანვარს განცხადება გაავრცელა. როგორც პროკურატურაში განმარტეს,  „თიბისი ბანკის“ აქტივობებში იკვეთებოდა ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.