ბადრი ჯაფარიძე - პრეზიდენტმა პირდაპირ ციტატებით ამხილა მდინარაძე და კობახიძე ანტიევროპულ, ანტიდასავლურ განცხადებებში, ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია
ბადრი ჯაფარიძე - პრეზიდენტმა პირდაპირ ციტატებით ამხილა მდინარაძე და კობახიძე ანტიევროპულ, ანტიდასავლურ განცხადებებში, ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია

პრეზიდენტმა პირდაპირ ციტატებით ამხილა მდინარაძე და კობახიძე ანტიევროპულ, ანტიდასავლურ განცხადებებში, ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს დესტრუქციული ძალის როლის შესრულებას.

„პრეზიდენტმა გუშინ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ დესტრუქციული როლი ითამაშა და აგრძელებს დესტრუქციული ძალის როლის შესრულებას, როდესაც ხელს უშლის, შლის და საბოტაჟს უწყობს რიგგარეშე სესიის მოწვევას. ამავდროულად, გუშინ პირდაპირ ციტატებით ამხილა პრეზიდენტმა მდინარაძე და კობახიძე ანტიევროპულ და ანტიდასავლურ განცხადებებში. ციტატებით ამხილა და ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია. პრეზიდენტთან ჩვენ კონსტრუქციულ მუშაობას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ შევძლოთ თორმეტივე პუნქტზე მართლაც ევროკომისიის სტანდარტის შესაბამისად პასუხის გაცემა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები წაიკითხა. მისივე თქმით, თავდასხმაა, როდესაც ბრალდებები ისმის.