სალომე ზურაბიშვილი - მგონი, ჩვენი საზოგადოებისთვის გაუგებარია, საით მივდივართ, რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასდროს, „ვაიმე, არაფერი ვთქვათ“, „ვაიმე, არ ვაწყენინოთ“
სალომე ზურაბიშვილი - მგონი, ჩვენი საზოგადოებისთვის გაუგებარია, საით მივდივართ, რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასდროს, „ვაიმე, არაფერი ვთქვათ“, „ვაიმე, არ ვაწყენინოთ“

მგონი, ჩვენი საზოგადოებისთვის გაუგებარია, საით მივდივართ, რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასდროს, „ვაიმე, არაფერი ვთქვათ“ და „ვაიმე, არ ვაწყენინოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისი თქმით, როცა ხელისუფლება ლანძღავს ელჩებს, ევროპარლამენტარებს და რაღაც გამოსვლებით არის დაკავებული, გაუგებარია, საით მივდივართ.

„მე მგონი, ჩვენი საზოგადოებისთვის არის გაუგებარი, საითკენ მივდივართ. რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს, ვაიმე, არაფერი ვთქვათ და ვაიმე, არ ვაწყენინოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე“.

სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები წაიკითხა. მისივე თქმით, თავდასხმაა, როდესაც ბრალდებები ისმის.

„წაგიკითხავთ – კობახიძის განცხადება: „ვიოლა ფონ კრამონი და შვიდი თუ რვა პარლამენტარი არიან კრიმინალების მფარველი ევროპელი პოლიტიკოსები“, – ეს არაა თავდასხმა? ეს არის ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა? ეს კრიტიკა არ არის, როცა ბრალდებაა, რომ კრიმინალების მფარველები არიან?

შემდეგ, მდინარაძე – „ათზე მეტ ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს“. მერე სხვები ამბობენ, რომ არ გვითქვამს არასოდეს, რომ მეორე ფრონტის გახსნა სურდათო. ამას ხედავს ყველა ძალიან კარგად, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც, როცა ვუყურებთ რა ხდება აფხაზეთსა და ბიჭვინთაში, არის იქ ვნებათაღელვა, საქართველოს არ ეხება?, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.