ბადრი ჯაფარიძე - 4 აპრილს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას მივიღებთ, საერთო მაჟორიტარების შესახებ ჩვენს პარტიას გადაწყვეტილება არ მიუღია
ბადრი ჯაფარიძე - 4 აპრილს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას მივიღებთ, საერთო მაჟორიტარების შესახებ ჩვენს პარტიას გადაწყვეტილება არ მიუღია

ოპოზიციის მიერ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატის შესახებ პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძე ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაიმართა.

„კონსულტაციები მიმდინარეობს. ჩვენს პარტიას ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ ჩვენ ვესწრებით ამ კონსულტაციებს, ვისმენთ პარტიების მსჯელობას აღნიშნულ თემაზე. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, „ლელო საქართველოსთვის“ 4 აპრილს დაგეგმილ აქციაში მიიღებს მონაწილეობას.

„4 აპრილს 16:00 საათზე აქციაზე შევთანხმდით. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ. აქცია ემსახურება იმას, რომ გამოცხადდეს პარტიების შეხედულება არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მიმდინარე წლის 4 აპრილს 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიცია აქციას გეგმავს.