ბადრი ჯაფარიძე - 20 ივნისის მოვლენებისას გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა, ბრძანება იყო არაფორმალურად გაცემული, ყველაფერს გამოძიება სჭირდება
ბადრი ჯაფარიძე - 20 ივნისის მოვლენებისას გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა, ბრძანება იყო არაფორმალურად გაცემული, ყველაფერს გამოძიება სჭირდება

სამწუხაროდ, ახლა, როდესაც დაპირისპირებული არიან ვითომდა „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნების“ განაყოფი, ახლა არის საუბარი, რომ გამოყენებული იქნა მეტი ძალა, ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ მე ამ განცხადების გულწრფელობის არ მჯერა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა და საკითხზე ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, ყველაფერს გამოძიება სჭირდება.

„რა თქმა უნდა, ეს არის დიდი პრობლემა. როდესც დაიწყო დარბევა, ამისი საჭიროება აღარ არსებობდა, ამიტომ ჩვენთვის ნათელია, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, საქმე გვაქვს არაფორმალურად გაცემულ ბრძანებასთან. შესაბამისად, არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან, მაგრამ გამოძიება მაშინ უნდა დაწყებულიყო, როდესაც ეს ფაქტი მოხდა. წლებია, სწორედ ამაზეა საზოგადოების პროტესტი. სამწუხაროდ, ახლა, როდესაც დაპირისპირებული არიან ვითომდა „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნების“ განაყოფი, ახლა არის საუბარი, რომ გამოყენებული იქნა მეტი ძალა, ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ მე ამ განცხადების გულწრფელობის არ მჯერა. იყო გამოყენებული არაპროპორციული ძალა, ბრძანება იყო არაფორმალურად გაცემული და ეს ყველაფერი გამოძიებას საჭიროებს. თუმცა დღევანდელი პროკურატურის პირობებში ჩვენ არ ველოდებით ობიექტურ გამოძიებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისს ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად.