ირაკლი კობახიძე - 20 ივნისს ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად
ირაკლი კობახიძე - 20 ივნისს ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად

20 ივნისს ტყვიების გამოყენება იძულება იყო, რათა მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე. შტურმი იყო, ძალიან მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, მაგრამ ამ შეტევის მოგერიება შეიძლებოდა უფრო მარტივად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, როდესაც მან ბაქოდან პრემიერს დაურეკა და დაინტერესდა, რა ხდებოდა, პასუხად მიიღო, რომ შტურმის ორგანიზატორები აუცილებლად შევიდოდნენ პარლამენტში და ვერ ახერხებდა პარლამენტის დაცვას.

„მისგან პასუხი მივიღე, რომ ეს შტურმის ორგანიზატორები აუცილებლად შევიდოდნენ პარლამენტში და ვერ ახერხებდა პარლამენტის დაცვას. ეს იყო მისი პოზიცია, რაც მე გამიკვირდა, საერთოდ გაუგებარი იყო მისი ეს პოზიცია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ეს იყო შეცდომა, თუ შეცდომები, მე დამატებით ვეღარ ვიმსჯელებ, რადგან ახალ შეთქმულებაში უნდა გადავიდე“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, იყო ეს შეცდომა, თუ დანაშაული და რა შეიძლება, ყოფილიყო მოტივი, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ მოტივს გააჩნია.

„მოტივი შეიძლება, ყოფილიყო დაახლოებით ისეთი, რაც იყო 17–18 თებერვალს. ანუ ის შეიძლება მოქმედებდა გარკვეული გავლენებით. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მას აქვს პირდაპირი კავშირი სააკაშვილთან, იმასთან, თუ ამასთან, მე ეს არ ვიცი, ამაში ვერ შევალ. მაგრამ ფაქტია ის, რომ ლოგიკურად არსებობდა გარკვეული გავლენები, 17–18 თებერვალს პირდაპირი დამთხვევა, ორი დღე, ეს წარმოუდგენელი იყო, სხვა შემთხვევებშიც გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი არსებობდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სავარაუდოდ ან შესაძლოა, ის მოქმედებდა გავლენებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ გახარიას განცხადებასაც უპასუხა იმის შესახებ, თითქოს 20 ივნისს პარლამენტის შენობა დეპუტატებისგან დაცლილი იყო.

„როცა სიმართლე შენს მხარეს არ არის, მაშინ გადადიხარ არაეთიკურ გამონათქვამებზე. სამწუხაროა, როდესაც ყოფილი პრემიერი აკეთებს ამას. თითქმის ყველა დეპუტატი იყო იქ“, – განცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, რაც კი პრობლემა დაუგროვდა, ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული.

„პირველი იყო თუ არ ვცდები მესტიაში, ტყის ჭრას უკავშირდებოდა ეს ყველაფერი და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე იყო დაგეგმილი არასწორად ოპერაცია, რომ მოუწია გამოსვლა და საკმაოდ უხეში ფორმით მოხდა ეს ყველაფერი. შემდეგი იყო „ბასიანი“, იქაც აბსოლუტურად არასწორად დაგეგმილი სპეცოპერაცია, პანკისი იყო აბსოლუტურად მძიმე. ბასიანზე ასევე უნდა გავიხსენოთ ის, რომ შემდეგ ბოდიში მოუხადა. შემდეგ იყო პანკისი, აბსოლუტურად მძიმედ დაგეგმილი სპეცოპერაცია და ძალიან მძიმე სურათი. თქვენ ყველას კარგად გახსოვთ, ფაქტობრივად, შეურაცხყოფა მიაყენებინა შსს-ს თანამშრომლებზე, გმირ პოლიციელებზე, ეს იყო ძალიან მძიმე. მთლიანობაში რომ გავიხსენოთ ყველფერი, რაც კი პრობლემა დაგროვდა, ყველაფერი უკავშირდებოდა არასწორად დაგეგმილ და შესრულებულ სპეცოპერაციებს, რომელიც ყველა უკავშირდებოდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო შეცდომები და არასწორი მენეჯმენტის შედეგი. ეს ან იყო უხეში შეცდომები და მენეჯმენტი ან იყო გარკვეული გავლენების შედეგი, რაც უკვე დანაშაულამდე მიდის. ეს შეიძლება, თეორიულად იყოს სისხლის სამართლის დანაშაული ან პოლიტიკური დანაშაული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ გაიხსენა კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც მისი თქმით, ასევე ლოგიკურად შეგვიძლია, დავაკავშიროთ 17-18 თებერვალს.

„ეს იყო 2019 წლის ნოემბერი თუ დეკემბერი, როდესაც ოპოზიციამ ალყა შემოარტყა პარლამენტს და აპირებდა, არ დაეშვა პარლამენტის სესიების გამართვა, პარლამენტის სრული ბლოკირება იგეგმებოდა. მახსოვს მაშინ, ზუსტად ისეთივე დისკუსია გაიმართა, როგორც გაიმართა მაშინ 17-18 თებერვალს, ანუ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი აქაც კანონის აღსრულება და კონსტიტუციური ორგანოს ფუნქციონირება, ელემენტარულ საკითხზე იყო დავა, მეტზე არაფერზე. გახარიას პოზიცია იყო, რომ არავითარ შემთხვევაში ალყა არ უნდა გახსნილიყო და პარლამენტს უნდა შეეჩერებინა მუშაობა, თუნდაც თვეების განმავლობაში, რაც იყო წარმოუდგენელი ჩვენთვის. ის იყო კატეგორიული წინააღმდეგი, თუმცა ჩვენ გადავლახეთ ეს პოზიცია და საბოლოოდ ჯამში, პარლამენტმა განაახლა ფუნქციონირება. ეს რომ არ მომხდარიყო, მაშინ განხორციელდებოდა ის სცენარი, რაც იყო უკვე მერე, 18 თებერვალს. მაშინ ჩვენ აღმოვჩნდით მართალი, იმიტომ, რომ თმის ღერი არავის არ ჩამოვარდნია, წყლის ჭავლით მარტივად ჩატარდა ოპერაცია. თუ მანამდე გული გვისკდებოდა ნებისმიერ სპეცოპერაციაზე, რომელიც უნდა დაწყებულიყო კონკრეტული მიზეზების გამო, ვახტანგ გომელაურის მინისტრობის დროს, ყველა ოპერაცია ტარდება აბსოლუტურად ისე, რომ თმის ღერი არავის ვარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.