ბადრი ესებუას ახლობლების ნაწილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცია დატოვა
ბადრი ესებუას ახლობლების ნაწილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცია დატოვა

ბადრი ესებუას ახლობლების ნაწილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველო უკვე დატოვა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

გამოკითხვიდან გამოსულებს მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.

ბადრი ესებუას ოჯახის წევრები და ახლობლები პოლიციის სამმართველოში რამდენიმე საათის წინ მიიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ შორის იყვნენ ბადრი ესებუას დეიდა და ბიძა. მანამდე მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა.

26 ოქტომბრის საღამოს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ბადრი ესებუას სახლშიც, გამოკითხვაზე გადაიყვანეს ესებუას მამა, ძმები და რამდენიმე ნათესავი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. შსს-ში აცხადებენ, რომ ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.