სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ბადრი ესებუას ახლობლები იმყოფებიან, არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს მათი გამოკითხვა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ბადრი ესებუას ახლობლები იმყოფებიან, არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს მათი გამოკითხვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში ცოტა ხნის წინ ბადრი ესებუას ახლობლები მიიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ შორის არიან ბადრი ესებუას დეიდა და ბიძა და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.

მანამდე მათ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა.

პოლიციის სამმართველოსთან იმყოფებოდნენ ბადრი ესებუას ახლობლები. ერთ-ერთი ახლობელი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, ბადრი ესებუას ნათესავი ტრისტან ჯანაშია ასევე გადმოიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ახლობლები ამბობენ, რომ ჯანაშიას სახლში სამართალდამცველები იმ დროს შევიდნენ, როდესაც არავინ იმყოფებოდა და კარი შეამტვრიეს.

რაც შეეხება „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმას, ბრალდებულ ბადრი ესებუას ახლობლები მის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან. ასევე აცხადებენ, რომ ბადრი ესებუა 21-22 ოქტომბრის შემდეგ არ უნახავთ, ხოლო 21 ოქტომბერს ის შუადღისას წავიდა კლინიკაში.

დღეს საღამოს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ბადრი ესებუას სახლშიც, გამოკითხვაზე გადაიყვანეს ესებუას მამა, ძმები და რამდენიმე ნათესავი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. შსს-ში აცხადებენ, რომ ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.