ბაჩო ხურციძე - პრეზიდენტობა თვითმიზანი არ უნდა გახდეს
ბაჩო ხურციძე - პრეზიდენტობა თვითმიზანი არ უნდა გახდეს

პირველი არხის გადაცემა ტაიმაუტში სტუმრად მყოფმა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ საკუთარ გეგმებზე და ქართულ რაგბიში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

ხურციძის თქმით, მოქმედმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ პროექტების დიდი უმრავლესობა ვერ განახორციელა, მთლიანობაში რაგბის კავშირის მუშაობა წარუმატებელი იყო და ამიტომ ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

„რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ განაცხადა, რომ დაგეგმილი პროექტების 40% განახორციელა. ამ ლოგიკით, 100%-ით რომ შეასრულოს ეს პროექტები, ორნახევარი ვადა ესაჭიროება, რაც, ბუნებრივია, მიუღებელია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭი ვიყარო, რათა ყველა პროექტი განხორციელდეს. რა თქმა უნდა, არ მინდა, მხოლოდ ცუდზე ვისაუბრო და უნდა აღვნიშნო, რომ გოჩა სვანიძეს ბევრი კარგიც აქვს გაკეთებული. მიუხედავად ამისა, მის პრეზიდენტობას მთლიანობაში უარყოფითად ვაფასებ. ამის აღიარება სირცხვილი არ არის. პრეზიდენტობა თვითმიზანი არ უნდა იყოს და სხვასაც უნდა მიეცეს საშუალება, რომ სპორტის ამ სახეობაში რაღაცა გააკეთოს“, – განაცხადა ხურციძემ, რომელმაც ასევე არჩევნებში ხმების გადანაწილების არასწორ პრინციპზე ისაუბრა:

„წესდება არ არის სამართლიანი, იმიტომ რომ, თვითონ გამგეობის დაკომპლექტების პრინციპი არის უსამართლო, რადგან იმ ორგანოს, რომელმაც პრეზიდენტი უნდა აკონტროლოს, თავად პრეზიდენტი აკომპლექტებს. გარდა ამისა, წესდებაში საერთოდ არ არის გაწერილი, თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა სამი კანდიდატია. ანუ, არჩევნებში გასამარჯვებლად 40 პროცენტიც საკმარისია. მე ყურადღებით შევისწავლე სხვა ფედერაციების წესდებები და ყველგან დევს ასეთი პუნქტი, რომ, თუ არც ერთმა კანდიდატმა არ დააგროვა 50% + ერთი ხმა, ინიშნება მეორე ტური. ასევე არასამართლიანი მგონია ხმების გადანაწილების პრინციპი. არასწორია, როდესაც 30-40 წლის კლუბს ორი ხმა აქვს და ორი წლის შექმნილს – სამი. თან უცნაური დამთხვევაა, რომ ყველა ასეთ ახალგაზრდა კლუბს გოჩა სვანიძე ჰყავს წარდგენილი. ასეთი ნიუანსები ახდენს ზუსტად ქართული რაგბის, როგორც ბრენდის, დისკრედიტაციას და არა ბაჩო ხურციძის სამართლიანი კრიტიკა“.

ხურციძემ პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდარტის, ირაკლი აბუსერიძის მიერ წამოწეულ თემაზე, „მზიურში“ მიწის გასხვისებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აბუსერიძის პათოსს არ ეთანხმება.

„არ ვეთანხმები ირაკლი აბუსერიძის მოსაზრებას. მზიურში მიწა გამოიყო სტადიონისთვის, მაგრამ მერე მოხდა ზონირება, მიენიჭა რეკრეაციული სტატუსი და იქ სტანდარტული ზომის სტადიონის აშენება არ გამოდის. ვინაიდან ის ვაკეა და საინტერესო კომერციული ადგილია, ბევრმა კომპანიამ გამოიჩინა ინტერესი. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რაგბის კავშირს სიჯიუტე უნდა გამოეჩინა და მაინც და მაინც არასტანდარტული ზომის სტადიონი ჩაედგა იქ. მით უმეტეს, რომ ამ თანხით, რაც ამ კომერციული გარიგებიდან რაგბის კავშირმა მიიღო, შესაძლებელია სხვაგან 20-30 მოედნის გაკეთება. გარდა ამისა, ეს თანხა შეიძლება წავიდეს ახალი სანაკრებო ბაზის აშენებაში, რაც მემკვიდრეობით დარჩება მომავალ თაობებს“, – ამბობს ხურციძე.

საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნები 30 იანვარს გაიმართება.