ბაჩო დოლიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი დაპირისპირება არ არის, პარტია ისევ აგრძელებს წინსვლას, სამზადისს რიგგარეშე არჩევნებისთვის, აზრთა სხვადასხვაობა ჯანსაღი პროცესია
ბაჩო დოლიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი დაპირისპირება არ არის, პარტია ისევ აგრძელებს წინსვლას, სამზადისს რიგგარეშე არჩევნებისთვის, აზრთა სხვადასხვაობა ჯანსაღი პროცესია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, პარტიაში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. მისივე თქმით, მოხდა მცირე ინციდენტი, რასთან დაკაცშირებითაც პარტიამ განცხადება გაავრცელა.

როგორც ბაჩო დოლიძე ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“ წინსვლას, მუშაობას განაგრძობს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამდვილად არ არის არანაირი დაპირისპირება. დღეს პარტიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა მცირე ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ პარტია ისევ აგრძელებს წინსვლას, მუშაობას, სამზადისს, რათა ქვეყანაში ჩაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია. სხვა საკითხებთან მიმართებით აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება, იყოს, ძალიან ხშირადაც ხდება, თუმცა ეს ნორმალური პროცესია. საბოლოო ჯამში კი მაინც კონსენსუსის შედეგია ის გადაწყვეტილებები, რომელსაც პარტია იღებს. ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიღება ჩვენს პარტიაში არ ხდება, ეს არის კოლექტიური გადაწყვეტილებები, ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობით ხდება“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ბაჩო დოლიძის თქმით, ხშირად, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, ბევრი ვალდებულების აღება უწევთ და თმენის ვალდებულებაც მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი მცირე ინციდენტი მოხდა. კარგია, თუ ყველა მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობს, რადგან თითოეულ სიტყვას, მოქმედებას დღეს გაცილებით მეტი დაფიქრება სჭირდება, რათა ამ ყველაფერმა შემთხვევით ვიღაცის წისქვილზე არ დაასხას წყალი. ხშირად, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, გვიწევს ბევრი ვალდებულების აღება და თმენის ვალდებულებაც მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.

იმაზე მეტს ვერ გეტყვით, რაც განცხადებაშია ნათქვამი, რადგან საკმაოდ დეტალურად არის აღწერილი პარტიის პოზიცია. რომ არ გვეთქვა და საჯარო რომ არ ყოფილიყო, უბრალოდ არ გამოდიოდა, პარტია ვერ გახდება ქუჩა ან სხვა პლატფორმა საქმეების გარჩევისთვის. აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არის, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ცივილურ, ნორმალურ ფორმებში, ისე, როგორც ყველას ეკადრება. იმედია,  ყველა გაითვალისწინებს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

კითხვაზე, ხომ არ განიხილება ნიკა მელიას  გადაყენების საკითხი, ბაჩო დოლიძემ განაცხადა:

„დიდი ხანია, ეს ნარატივი მესმის, ზოგადად, ნიკას წინააღმდეგ ეს დიდი ხანია, ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, კამპანია ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“. ეს მცდელობა ნამდვილად არ გამოუვათ, არც გამოსვლიათ მანამდე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დისკრედიტაციის კამპანია იყო – ციხეში ჩასვეს, რათა პოლიტიკას ჩამოეშორებინათ. ადამიანში როდესაც ხედავენ, რომ ძლიერი მოწინააღმდეგეა, მის განეიტრალებას ცდილობენ. მინდა, ხაზი გავუსვა და ყველას მივმართო, რომ ნუ დავასხამთ წყალს „ოცნების“ წისქვილზე, ეს ძალიან სახიფათო შეიძლება, იყოს ყველასთვის“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადებას, საკითხის შეფასებისას ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, რომ საკუთარ არჩევანში ყველა თავისუფალია და არავის საქმეში არ ერევიან.

„არავითარი განხეთქილება არ არის პარტიაში, არის აზრთას ხვადასხვაობა, სხვადსხვა საკითხზე სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული აზრი აქვს. ეს აბსოლუტურად ნორმალური, ძალიან ჯანსაღი პროცესია. ასე რომ არ იყოს, პარტიაში არც ვიქნებოდი, რადგან ერთპიროვნული გადაწყვეტილებები ნამდვილად არ შეესადაგება ამ პარტიას, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები „ქართულ ოცნებაშია“. კეზერაშვილის საკითხი დახურულია, რადგან ყველა ადამიანს აქვს უფლება როგორც მეგობრობის, ისე პარტნიორობის. ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით, ვისაც რა, როგორ უნდა, ისეა. ყველა თავისუფალია საკუთარ არჩევანში. ერთადერთი ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით რაც მოხდა, საჯარო იყო ხელის ჩამორთმევაც და ურთიერთობის დასასრულიც. უბრალოდ აზრი არ აქვს ამ საკითხზე საუბარს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.