ბაჩო დოლიძე -  ცუდია, როცა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ერთიანობას ვერ ვინარჩუნებთ, კარგი იქნებოდა, ყოფილიყო ერთი ლოკაცია თბილისში, საიდანაც შევუერთდებოდით სოლიდარობის აქციებს
ბაჩო დოლიძე -  ცუდია, როცა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ერთიანობას ვერ ვინარჩუნებთ, კარგი იქნებოდა, ყოფილიყო ერთი ლოკაცია თბილისში, საიდანაც შევუერთდებოდით სოლიდარობის აქციებს

გვექნება ერთი გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ისტორიულად ჩვენი ადგილი არის ცივილურ სამყაროში და არა ველურ საბჭოთა კავშირში, სადაც ადამიანების დახვრეტა, მოწამვლა, პოლიტიკური დევნა, ანგარიშსწორება არის აბსოლუტური ნორმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ დღეს მშვიდობის ხიდთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, ეს არ არის პოლიტიკური აქცია.

„ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის, სხვადასხვა პარტიიდან, რადგან ჩვენ გვაერთიანებს კონკრეტული ერთი მოთხოვნა – პრეზიდენტები არ უნდა კვდებოდნენ ასეთ მდგომარეობაში, ჩვენ ვართ მომხრენი, რომ ცივილურად, დასავლური სტანდარტების მიხედვით იყოს მოწყობილი ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში და მაქსიმალურად ვიყოთ დისტანცირებული იმ საბჭოთა იმპერიისგან, რომლისგანაც ამდენი ხნის განმავლობაში ვცდილობთ გამოყოფას. ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია. საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სიცხადეში მოვაქციოთ. სოლიდარობის აქცია სხვადასხვა ქალაქში იმართება. ეს ქალაქებია: ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, ოზურგეთი“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი სხვა ლოკაციაზე ატარებს აქციას, ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

„მინდა, დავიჯერო, მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, გამომდინარე იქიდან, რომ იცოდნენ ლოკაციის, აქტივობის შესახებ, თან აღნიშნული სოლიდარობის აქციით ვუერთდებით იმ აქციებს, რომლებიც ჩანიშნულია ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საკონსულოებთან. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ ერთიანობაზე და ეს ერთიანობა მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები არ უნდა იყოს. ეს უნდა იყოს გამოხატული კონკრეტულ ნაბიჯებში. კარგი იქნებოდა, რომ ის ლოკაცია, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ, რომლის შესახებაც ინფორმირებული იყვნენ, ყოფილიყო ერთადერთი ლოკაცია თბილისში. თუმცა მათი გადაწყვეტილებაა, დისტანცირება გააკეთეს. რამდენად კარგია, მე ამის შეფასებას ვერ გავაკეთებ. თუმცაღა ცუდია, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე ერთიანობას ვერ ვინარჩუნებთ. ზოგადად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ერთიანობაზე, მათ შორის ამასვე ამბობენ ლევანიც და მისი მეგობრებიც, მნიშვნელოვანია, ეს ერთიანობა მხოლოდ სიტყვებით არ იყოს და კონკრეტული საქმით დავამტკიცოთ. გაუგებარია ეს ყველაფერი ჩემთვის, სამწუხაროა, თუმცა უკვე ვერაფერს ვეღარ შევცვლით“, – განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, შერჩეულია სიმბოლური ადგილი და ტარდება ძალიან მნიშვნელოვანია შეკრება.

„მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა, პირველ რიგში, ოჯახის, მისი მეგობრების პრობლემაა, მაგრამ ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ეს ასე არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს საზოგადოების პრობლემა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ამ მდგომარეობაში იყოს და ჩვენ უმოქმედოდ ვიყოთ, ეს არაფერში წერია. ეს დიდი პრობლემა შეიძლება იყოს თაობებისთვის, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან ცუდი და ტრაგიკული ისტორია. არ გვინდა, ამ ისტორიის გამეორება, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ იმავე წრეზე უნდა ვიტრიალოთ. ამ დროს განსხვავებული პოზიციები და საარჩევნო თემატიკაზე ფიქრი არ მიმაჩნია სწორად. არის ხალხი, რომელიც მხოლოდ საარჩევნო კამპანიაშია ჩართული, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში სხვა პასუხისმგებლობებიც გვაქვს. აქციას აქციისთვის ვერ გავმართავთ. მიზანზე და კონკრეტულ შედეგზე ვართ ორიენტებული, სწორედ ეს არის განსხვავება“, – განაცხადა დოლიძემ.