ბაჩო ახალაიამ გამოკითხვის შემდეგ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი დატოვა
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა.
გამოკითხვის შემდეგ ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კითხვები ძირითადად 4 ოქტომბერს გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით იყო.
„პრაქტიკულად იგივე კითხვები იყო, რაც ჟურნალისტებმა დამისვით. ძირითადად ეხებოდა იმ აუდიოჩანაწერს. სვამდნენ კითხვებს, ვის ვიცნობ, როდის გავიცანი და ა.შ. დიდხანს სვამდნენ კითხვებს და იმეორებდნენ, ამოწმებდნენ, ერთი ადგილიდან მეორეში გადაჰქონდათ, ათანხმებდნენ. მე ველოდებოდი. არ სჭირდებოდა ამდენი დრო, მაგრამ ტექნიკურად გამოიყენეს იმაში, რომ იწერებოდა, კითხულობდნენ, მერე დიდხანს ელოდებოდნენ აპარატს, რაღაც ჩამწერს, რომლითაც ხმის ნიმუშს შეამოწმებდნენ. პრინციპში შეიძლებოდა, ბევრად უფრო ჩქარა დასრულებულიყო. ჩემი ხმაც აგერ ისმის, იქაც იყო ეს ხმა და აშკარად, ეგ სხვადასხვა ხმებია, საერთოდ სხვადასხვა სამყაროს ხმებია. მე არაფერი დასამალი არ მაქვს. გასაგებად ავუხსენი, ვის ვიცნობ, საიდან ვიცნობ, რა ურთიერთობები მაქვს, ვისთან ვახლობლობ, სად ვცხოვრობ და ა.შ.“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
ამასთან, ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ უწყებაში გამოკითხვაზე ყოფნისას მას სასწრაფოს დახმარება დასჭირდა. ბაჩო ახალაიამ უარყო ფაქტი, რომ გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა.
„არ ვიცი, რას ნიშნავდა. ადვოკატი რომ ამოვიდა, მითხრა. წარმოდგენა არ მაქვს, ეს ყველაფერი რას ნიშნავდა. სასწრაფოზე არასერიოზული სიგიჟე იყო, ვერ მივხვდი“, – აღნიშნა ახალაიამ.
ამასთან, რაც შეეხება ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანა ნადარეიშვილის სუს-ში დაბარების საკითხს, ახალაიამ აღნიშნა, რომ არაფერი იცის და ყველაფერში გაერკვევა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე 13:00 საათიდან იმყოფებოდა. ის 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაიბარეს.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა“ პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას სავარაუდო სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. გავრცელებულ ჩანაწერში 4 ოქტომბერს მოვალენათა განვითარების შესახებ არის საუბარი.