ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმეზე განათლების მინისტრის გამოკითხვას ითხოვს
ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმეზე განათლების მინისტრის გამოკითხვას ითხოვს

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურატურაში ოთხი საათის განმავლობაში მოწმის სტატუსით იკითხებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას გადასცა საქმის მტკიცებულებები, სადაც განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე ასეული გვერდი წარდგენილი, შესაბამისად, ვისაუბრეთ საქმის ყველა დეტალზე, ოთხი საათის განმავლობაში გრძელდებოდა ეს შეხვედრა და შევეხეთ ყველა დეტალს, მათ შორის საქმის ახალ გარემოებას, ახალ პირებსაც, ვისი ბრალეულობაც სავარაუდოდ გამოიკვეთა ამ საქმეში. საუბარია ზუგდიდის რესურსცენტრის თანამშრომლებზე, ბუნებრივია საუბარი იყო განათლების სამინისტროს მოხელეებზე რომლებიც სავარაუდოდ დამნაშავეები არიან. ასევე ვისაუბრეთ განათლების მინისტრის როლზე და მოვითხოვეთ უშუალოდ მისი გამოკითხვა. ვფიქრობ, ყველა მტკიცებულება, რაც პრაქტიკულად უკვე მიწოდებული გვაქვს და უახლოეს დღეებში წარვუდგენ გამოძიებას, არის სრულიად საკმარისი, რომ წარედგინოს ბრალი პიროვნებებს და მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მაღალი თანამდებობის პირებზეც არის საუბარი, ვინც უშუალოდ ახორციელებდა ინსპექტირებას ორ ადამიანზე, პლიუს საუბარია მათ უშუალო ხელმძღვანელზე და აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, საუბარია ზუგდიდის რესურს ცენტრის ხელმძღვანელზე და ასევე განათლების მინისტრზე, რასაც ჩვენ პირველივე დღიდან ვითხოვთ. ეს ის ადამიანები არიან. რომლებიც დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებებით მონაწილეობენ ამ საქმეში. დანარჩენს გამოძიება თუ გამოკვეთს, მივესალმებით. ჩვენი მოვალეობაა, გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ და დავაკვირდებით გამოძიებას“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ინსპექტირებას, როგორც შენგელიამ აღნიშნა, სკოლის შემოწმებისას ისეთი დარღვევები არ დაფიქსირებულა, რაც დირექტორის გათავისუფლების მიზეზი უნდა გამხდარიყო.

„ინსპექტირება იყო გამოგონილი მიზეზით. ჩვენ მიერ წარდგენილი ეს დოკუმენტები ლეგალურად კანონის დაცვით მოპოვებული დოკუმენტებია და საკმარისი მტკიცებულებაა, რომ ეს იყო პოლიტიკური დევნა და არ იყო არანაირად ინსპექტირება. მინისტრმა გამოსცა ბრძანება, ია კერზაიას ვადამდე გათავისუფლების თაობაზე მიმართა სამეურვეო საბჭოს“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია. ოპოზიცია გარდაცვალებას ინსპექტირებასა და ია კერზაიაზე პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელიაც.