ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმის გაყალბებაში ჩართული არიან სამთავრობო უწყებები
ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმის გაყალბებაში ჩართული არიან სამთავრობო უწყებები

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ მისი დედის გარდაცვალების საქმის გაყალბებაში ჩართული არიან სამთავრობო უწყებები.

ბაჩანა შენგელიას განცხადებით, საქმეზე პროკურატურის მხრიდან არ იდგმება ეფექტური ნაბიჯები.

„სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სრულიად უკანონოდ, მეორედ მოგვივიდა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე, რომლითაც პირველ შემთხვევაში მათ თითქოს დაასაბუთეს, რომ ექსპერტის მოუცლელობის გამო ვერ ხდება ექსპერტიზის ჩატარება. ხელმეორედ მიმართვის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრომ საერთოდ არ გამოყო სპეციალისტი. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ია კერზაიას საქმის გაყალბებაში, საქმის გამოუძიებლობაში ჩართულია მთელი სამთავრობო მანქანა. გუშინდელი პასუხებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ საქმის გაყალბებაში ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, ჯანდაცვის სამინისტროც, რომელმაც არ გამოყო ექსპერტი, ასევე განათლების სამინისტრო და რა თქმა უნდა, პროკურატურა, რომლის მხრიდანაც არ იდგმება ეფექტური ნაბიჯები“, – განაცხადა შენგელიამ.

ბაჩანა შენგელიას თქმით, ოთხ თვეზე მეტი გავიდა და არც ერთი თანამდებობის პირი, რომელიც ეჭვმიტანილია ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, არ გათავისუფლებულა ან ​დროებითაც კი არ არის თანამდებობიდან  გადაყენებული.

„თანამდებობას ინარჩუნებს ამ დანაშაულის მთავარი მოქმედი პირი და ეს არის მიხეილ ბატიაშვილი. მას მფარველობს პრემიერ-მინისტრი, რომელიც არა თუ არ საუბრობს იმაზე, რომ ბატიაშვილი თანამდებობიდან დროებით მაინც ჩამოაშოროს, არამედ პირიქით, რაღაც ახალ პროექტებს წარადგენს მისი სახელით. ასევე თანამდებობაზე რჩება გიორგი ქოჩიშვილი, რომელიც განათლების აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელია და რომლის მიმართაც სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება. ის გამოძიების ფარგლებშიც რჩება თანამდებობაზე და აგრძელებს საქმის ფაბრიკაციას. ყველა მოწმე, რომელიც გამოკითხვაზე მიდის პროკურატურაში, ახსნა-განმარტებას აძლევს განათლების სამინისტროს, პირველ რიგში, ქოჩიშვილთან გადის კონსულტაციას“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია.