აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოსთვის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა.

ორგანიზაციის შეფასებით, 2019 წელს ინფლაციის დონე 4.3 პროცენტი იქნება (წინა პროგნოზი – 3.2 პროცენტი), 2020 წელს კი, 3.5 პროცენტი (წინა პროგნოზი – 3 პროცენტი).

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია აზიის რამდენიმე განვითარებადი ქვეყანაში გაზრდილ სამომხმარებლო ფასებზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვალუტის გაუფასურებამ საქართველოში, ყაზახეთსა და პაკისტანში გამოიწვია იმპორტირებული სურსათის გაძვირება, რასაც საწვავსა და სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდა მოჰყვა.

„მაგალითად, საქართველო ძალიან დამოკიდებულია საკვები პროდუქტების იმპორტზე ყაზახეთიდან და რუსეთიდან. საქართველოს ეროვნული ვალუტა 2019 წლის პირველ შვიდ თვეში 17 პროცენტზე მეტად გაუფასურდა რუსულ რუბლთან მიმართებაში, რამაც გამოიწვია ხორბალზე ფასებისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.