აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს 
აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს 

აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას, ასევე შესრულებული სამუშაოსა და გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.

როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს, ზურაბ პატარაძეს განუცხადეს.

სააგენტოს ინფორმაციით, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 15 ივლისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს. აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, „საქართველოდან ადამიანთა ჯგუფმა დაარღვია აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი, „ქეშიქჩიდაღის“ კომპლექსთან (დავით გარეჯი) თავს დაესხა მესაზღვრეებს და შეურაცხყოფა მიაყენა მათ“.

„წუხილით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების სულისკვეთებას და ვაფასებთ ამას როგორც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების შექმნისკენ მიმართულ პროვოკაციას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის გუშინ შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა, დავით გარეჯში უკვე მშვიდი ვითარებაა, უახლოეს დღეებში მომლოცველები და ტურისტები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას.

ასევე, განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც აღნიშნულია, რომ სადელიმიტაციო კომისიების მშვიდ და შესაბამის გარემოში მუშაობის ხელშეწყობა, კომისიების მიერ წარმატების მიღწევის წინაპირობაა

დატოვე კომენტარი