თეიმურაზ კუპატაძე - დავით გარეჯში მშვიდი ვითარებაა, უახლოეს დღეებში მომლოცველები და ტურისტები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას
თეიმურაზ კუპატაძე - დავით გარეჯში მშვიდი ვითარებაა, უახლოეს დღეებში მომლოცველები და ტურისტები თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, შეუთანხმებელ ტერიტორიაზე, სადაც აქამდე მოქალაქეებსა და მომლოცველებს გადაადგილება შეეძლოთ, ამ დროისთვის არსებული შეზღუდვა მოიხსნება და გადაადგილებას კვლავ შეძლებენ.

„განვიხილეთ ის პერიოდი, რა პერიოდშიც იქნება აკრძალვა საზღვრის ამ შეუთანხმებელ ტერიტორიაზე. ეს მოიცავს რამდენიმე დღეს და უახლოეს დღეებში იქნება გახსნილი, სიტუაცია დაუბრუნდება ძველ რეჟიმს. მოქალაქეები, მომლოცველები და ტურისტები თავისუფლად შეძლებენ იმ ტერიტორიაზე გადაადგილებას, სადაც გადაადგილდებოდნენ გუშინდელ დღემდე“, – განაცხადა კუპატაძემ.

ასევე, თეიმურაზ კუპატაძემ გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი ინფორმაცით, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ვითარება ქართველი მესაზღვრეების ჩარევის შედეგად დროულად განიმუხტა.

„რაც შეეხება ინციდენტს, გუშინ ადგილობრივი მოსახლეობა ავიდა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებიან. მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ მოხდა მცირე ინციდენტი მათ შორის. ქართველი მესაზღვრეების ჩარევის შედეგად სიტუაცია დროულად იქნა განმუხტული. არის მშვიდი ვითარება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას და საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნუ აჰყვებიან პროვოკაციებს, რათა მიეცეს დელიმიტაციის კომისიას მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების საშუალება”, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

ამასთან, თემურ კუპატაძის განმარტებით, როგორც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, ხატები შეუთანხმებელ ტერიტორიაზე არსებულ სამლოცველოებში ამინდების გაუარესების გამო ზიანდებოდა და აღნიშნული მათ რომ არ დაბრალებოდათ, ამიტომ გადაიტანეს მონასტერში.

„მათ განმარტეს, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში, ეს ხატები ზიანდებოდა, როგორც ქარის ასევე, წვიმის შემთხვევაში და ბრალდებების თავიდან ასაცილებლად, რომ მათ არ დაბრალებოდათ დაზიანება, ამიტომ ამოიტანეს მონასტერში“, – განაცხადა კუპატაძემ.

დატოვე კომენტარი