აზერბაიჯანის ნაკრების ვეტერანი - მიხარია საქართველოს ნაკრების წარმატება, პატარა ქვეყნისთვის ეს დიდი მოვლენაა #1TVSPORT
აზერბაიჯანის ნაკრების ვეტერანი - მიხარია საქართველოს ნაკრების წარმატება, პატარა ქვეყნისთვის ეს დიდი მოვლენაა #1TVSPORT

ბაქოს „ნეფთჩისა“ და აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ვლადისლავ გადიროვმა azerisport-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების წარმატებაზე ისაუბრა.

„საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე გავიდა, რასაც მათ გულით ვულოცავ, პატარა ქვეყნისთვის ეს დიდი მოვლენაა. ჩვენი მეზობლების წარმატება მიხარია და ამასთან, თეთრი შურის გრძნობა გამიჩნდა. ვისურვებდი, რომ აზერბაიჯანის ნაკრებმაც გაახაროს ჩვენი ქომაგი, დროა, ერთი ადგილის ტკეპნა დამთავრდეს და დიდ ტურნირზე მოსახვედრად ჩვენც ვიბრძოლოთ.

ამისთვის მარტო სურვილები არ კმარა. ვხედავ, რომ ყველა ჩვენი მეზობელი წინ მიიწევს, ჩვენ კი ერთ ადგილზე ვართ გაჩერებული. აზერბაიჯანული ფეხბურთი სახელმწიფოსგან ყურადღებას მოკლებული არ არის, მაგრამ წინსვლა ნაკლებად ჩანს.

ამბობენ, ფეხბურთელები არ გვყავსო, ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. აზერბაიჯანში ყოველთვის იყვნენ კარგი მოთამაშეები, უბრალოდ, წარმატების მისაღწევად მეტი მუშაობაა საჭირო“, – განაცხადა ვეტერანმა აზერბაიჯანელმა ფეხბურთელმა.