აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა ბათუმში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა ბათუმში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდთან“ აზერბაიჯანის გენერალური კონსული რაშიდ ისმაილოვი მივიდა. შემთხვევის ადგილზე ყვავილები მიიტანა და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა, ტრაგედიის გამო, რომელიც ბათუმში მოხდა. მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს აზერბაიჯანელი ხალხის სახელით.  მეგობრები ვართ და ჩვენი ქვეყნები მძიმე დროს მუდამ ვდგავართ ერთმანეთს გვერდით“, – განაცხადა გენერალურმა კონსულმა.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.

ბათუმში ხანძრის დროს დაღუპულების გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.