აზერბაიჯანის ელჩმა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას სასურსათო პაკეტები გადასცა
აზერბაიჯანის ელჩმა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას სასურსათო პაკეტები გადასცა

საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დურსუნ ჰასანოვი კახეთს ეწვია და 200 სასურსათო პაკეტი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას გადასცა.

„ჩვენ კახეთში 200 ცალი სასურსათო კალათა ჩამოვიტანეთ. ეს ტვირთი სოციალურად დაუცველ ოჯახებზე გადანაწილდება. კორონავირუსის გამო ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ვინაიდან ჩვენ მეგობრები ვართ. ჩვენი ტკივილი თქვენი ტკივილია და პირიქით“, – განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა დურსუნ ჰასანოვმა.

დურსუნ ჰასანოვი კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მიიღო და მეგობრული, ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა აზერბაიჯანელ ხალხს, აზერბაიჯანის ბიზნესასოციაციას, რომელიც აზერბაიჯანის საელჩოს მეშვეობით ამ მეგობრულ, ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ჩვენს მოსახლეობას. მინდა, კიდევ ერთხელ დავაფასო ბატონი ელჩის სტუმრობა და აღნიშნული ჰუმანიტარული ღონისძიებისთვის მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სასურსათო პაკეტები კახეთის რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე გადანაწილდება.