ავტოავარიისას დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი ზუგდიდიდან თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
ავტოავარიისას დაშავებული ერთ-ერთი მოზარდი ზუგდიდიდან თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

სოფელ ახალ კახათში ავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს. მოზარდი თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებაში რეანომობილით შეიყვანეს.

საავადმყოფოს მიმღების ექიმის, ირმა წაქაძის განცხადებით, პაციენტი, 18 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან თბილისის საავადმყოფოში მრავლობითი ტრავმული დაზიანებით შეიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“ჩატარებული კვლევებით, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩატარდა თავისა და გულმკერდის ტომოგრაფიული კვლევა. ასევე გულმკერდის რენდგენოგრამა. მდგომარეობა გადმოყვანის შემდეგ უცვლელია”,- განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება ავარიისას დაშავებულ დანარჩენ მოზარდებს, ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რჩებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილების უფროსის, მაია ესებუას ინფორმაციით, ზუგდიდის საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული რვა მოზარდი შეიყვანეს. ახალგაზრდები, რომლებიც სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ, ავტოავარიაში ანაკლიის გზაზე დაშავდნენ. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი კერძო სახლის ეზოში შევარდა.

დატოვე კომენტარი