სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა
სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილების უფროსმა, მაია ესებუამ განაცხადა, მოზარდი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთი ახალგაზრდა გოგონა მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებით, სასიცოცხლო ჩვენებით საოპერაციო ბლოკშია გადაყვანილი.

ექიმის ცნობით, დანარჩენი ექვსი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

„შოკის დარბაზში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები 8 მოზარდი გადაიყვანეს. აქედან ერთი, მამრობითი სქესის მოზარდი, გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, მისი მდგომარეობა მძიმეა.

კვლევების შედეგად დადგინდა სუბდურული ჰემატომა, ფილტვების დაჟეჟილობა, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მეორე პაციენტი გოგონა, მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებით, სასიცოცხლო ჩვენებით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია, მათ უტარდებათ კვლევები და კონსულტაციები სპეციალისტების მიერ“,- განაცხადა მაია ესებუამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბოლო მონაცემებით, რვა მოზარდი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი კერძო სახლის ეზოში შევარდა.