ავთანდილ კენჭაძე ვერცხლის მედლის მფლობელია - პირველი მედალი ბუდაპეშტიდან [ვიდეო] | ბუდაპეშტი 2018
პირველი მედალი საქართველოს, ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლისოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე – ავთანდილ კენჭაძემ მოუტანა.
74 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონმა კენჭაძე, რუს ზაურბეგ სიდაკოვს თავიდანვე შეტევით დახვდა და საწყის წუთნახევარში, ორი ერთქულიანით დაწინაურდა. პერიოდის დასრულებამდე წუთით ადრე, სადიკოვმა ანგარიში ორქულიანით გაათანაბრა და შესვენებაზე სასურველი შედეგით გავიდა. მეორე პერიოდში მოჭიდავეებმა ქულების აღება ვეღარ შეძლეს და საბოლოოდ კენჭაძე ვერცხლს დასჯერდა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედლებს ამერიკელი – ჯორდან ერნესტ ბეროუზი და უზბეკი – ბეხზად აბდურახმონოვი დაეუფლნენ.
დღესვე საქართველოს კიდევ ერთი მედალი აქვს განაღდებული. რამდენიმე წუთში გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) ტიტულის დაცვას შეეცდება. ფინალში ქართველი მძიმეწონოსანის მეტოქე, ჩინელი – ჟიუეი დენგი იქნება. მანამდე კი 61 კილოგრამი წონითი კატეგორიის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში, ბექა ლომთაძე მონღოლ – ტუშინტულგა ტუმენბილეგთან დამარცხდა და კვარცხლბეკზე ასვლა ვერ მოახერხა.
რაც შეეხება ტურნირში დღეს ჩართულ ოთხ ქართველს, მათ ფინალში გასვლა ვერ შეძლეს. ოთარ გოგავა (57 კგ.) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.) უმედლოდ დარჩნენ, დავით ხუციშვილი და დავით მარსაგიშვილი კი ხვალ, 12:30-იდან, რეპეშაჟში ჩაერთვებიან და ბრინჯაოს მედლების მოპოვებას შეეცდებიან.