ავთანდილ წერეთელი - ჩემ ბუღალტრად ვინ დანიშნა პროკურატურა, ჩემი ფული მე ვერ დამითვლია
ავთანდილ წერეთელი - ჩემ ბუღალტრად ვინ დანიშნა პროკურატურა, ჩემი ფული მე ვერ დამითვლია

ჩემ ბუღალტრად ვინ დანიშნა პროკურატურა, ჩემ ფულს რომ ითვლის, – ამის შესახებ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულმა ავთანდილ წერეთელმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ავთანდილ წერეთლის თქმით, ბრალდების მხარე ამბობს, რომ მან ფული გათეთრების მიზნით მისცა მამუკა ხაზარაძეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„მე კრედიტი იმისთვის კი არ ამიღია, რომ ამათთვის ფული მიმეცა. ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ჩემი ფული მივეცი. ის კრედიტი ჩემი საჭიროების გამო ავიღე და გამოვიყენე. ბანკს უნდა დავესაჯე. დამსაჯა? ესე იგი არ ჩამიდენია დანაშაული. ჩემ ბუღალტრად ვინ დანიშნა პროკურატურა, რომ ჩემ ფულს ითვლის. ჩემი ფული მე ვერ დამითვლია, თქვენ რა უნდა დაითვალოთ“, – განაცხადა ავთანდილ წერეთელმა პროცესზე.

ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარედგინა. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

თბილისის საქალაქო სასამართლომ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა. წერეთელმა გირაო გადაიხადა. ადვოკატის ინფორმაციით, გირაოს საფასური მისმა ოჯახის წევრმა უძრავი ქონებით უზრუნველყო.