ავთანდილ წერეთელი - ჩემი შემოსავალი 180-ლარიანი პენსიაა, ბიზნესი ჩემს შვილზეა გაფორმებული
ავთანდილ წერეთელი - ჩემი შემოსავალი 180-ლარიანი პენსიაა, ბიზნესი ჩემს შვილზეა გაფორმებული

ჩემი შემოსავალი პენსია 180 ლარია, ბიზნესი ჩემს შვილზეა გაფორმებული, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მსჯელობენ. სწორედ ამის გამო დაინტერესდა მოსამართლე ბრალდებულის შემოსავლებით. ავთანდილ წერეთელმა მოსამართლის საპასუხოდ განმარტა, რომ ბიზნესი ოჯახს აქვს, საიდანაც შემოსავალი 10 000 ლარიც არ იქნება.

ამასთან, ავთანდილ წერეთელმა სიტყვით გამოსვლისას პროკურორებს მიმართა და აღნიშნა, რომ მისთვის წარდგენილი ბრალი უსაფუძვლოა.

„ტელევიზიით რომ იგებ ბრალდების შესახებ, უხერხულია. ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს ფული, ეს პირველად არ მოხდა, ადრეც მიმიცია. მე ჩემი ფული ვასესხე მაგათ. თქვენ პროკურორები არ ხართ ამის გამომძიებლები. ავიღე კრედიტი, ეს ჩემი ნებაა, საბრუნავი საშუალება არც ესმით რას ნიშნავს. ამ საქმესთან არავითარი კავშირი არა აქვს ჯაფარიძეს და ხაზარაძეს, ბანკის ფული არის თეთრი ფული და ოფიციალურად მოხდა. დამნაშავე არა ვარ და იმიტომ ჩამოვედი დღეს და მოვედი სასამართლოში. იმ დროს, როცა ომი და უბედურება იყო და კაციშვილს ფული არ შეჰქონდა, ავთო წერეთელს შეჰქონდა ბიუჯეტში 30 და 40 მილიონი და იმ დროს არ მიკადრია რაიმე გადაცდომა. ტელევიზია გინდათ? ვერ მიიღებთ“, – განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს ავთანდილ წერეთლისთვის ნახევარმილიონიანი გირაოსა და საზღვრის დატოვებაზე შეზღუდვების დაწესება მოითხოვა. პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, თანხის ოდენობა პროკურატურამ განსაზღვრა ავთანდილ წერეთელის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარედგინა. იმის გამო, რომ ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ იმყოფებოდა, ბრალის დადგენილება მის ადვოკატს გადაეცა. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).