ავთანდილ წერეთელი ბრალდების დადგენილების წარდგენის მიზნით პროკურატურაში 18:00 საათზეა დაბარებული, თუმცა არსებული ინფორმაციით, ის საქართველოში არ იმყოფება  
ავთანდილ წერეთელი ბრალდების დადგენილების წარდგენის მიზნით პროკურატურაში 18:00 საათზეა დაბარებული, თუმცა არსებული ინფორმაციით, ის საქართველოში არ იმყოფება  

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების დადგენილების წარდგენის მიზნით დღეს 18:00 საათზეა დაბარებული, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ის საქართველოში არ იმყოფება.

წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარედგინა.

„გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე“, – განაცხადეს პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით 19:00 საათზე არიან დაბარებული პროკურატურაში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, ისინი უწყებაში მივლენ.