ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალდების დაზუსტების მიზნით პროკურატურაში დაიბარეს
ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალდების დაზუსტების მიზნით პროკურატურაში დაიბარეს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით არიან დაბარებული.

ამის შესახებ გენერალური პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ადვოკატ ზვიად კორძაძის ინფორმაციით, ბრალის დაზუსტებისთვის ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო უწყებაში 19:00 საათზე დაიბარეს. მისივე თქმით, ჯაფარიძეც და ხაზარაძეც გენერალურ პროკურატურაში გამოცხადდებიან.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, კანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ავთანდილ წერეთელი დღეს არის დაბარებული პროკურატურაში ბრალდების დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც  გენერალური პროკურატურა სასამართლოს  აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს.