ავთანდილ ხურციძის დედა - ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ მალე დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას
ავთანდილ ხურციძის დედა - ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ მალე დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას

ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის დედა მაყვალა ხუციშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.

როგორც პირველ არხს მაყვალა ხუციშვილმა აღნიშნა, დახმარების თხოვნით აპირებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიმართოს.

„მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა დამტკიცდეს სპორტსმენის უდანაშაულობა. არასოდეს დაგვხმარებია ხელისუფლება, როდესაც უკიდურესად გვიჭირდა. ჩემი შვილი ქართული დროშის ქვეშ იბრძოდა. იგი სხვამ გახვია სკანდალში. ამერიკიდან ავთოს მეგობარი მერაბ დვალიშვილი დაგვიკავშირდა და გვითხრა სასამართლოს შესახებ. ღამით ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ მალე დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას”, – განაცხადა მაყვალა ხურციძემ.

ნიუ იორკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე  ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს.

ამ ეტაპზე, უცნობია, რამდენი წლით პატიმრობას მიუსჯის მოსამართლე ხურციძეს. ის გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

მას შემდეგ, რაც ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი გახდა ცნობილი, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა პრესრელიზი გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ „კანონიერი ქურდი“ რაჟდენ შულაია და ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს რეკეტსა და ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებულ ბრალდებებში.