ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირის მერვე ნომერთან ითამაშებს #1TVSPORT
გაიმართა 2023 წლის სეზონის „დიდი სლემის“ პირველი ტურნირის, ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრა. გაირკვა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქის ვინაობა – ეს არის ტურნირზე მერვე ნომრად განთესილი ამერიკელი ტეილორ ფრიტცი.
ამ ჩოგბურთელთან ბასილაშვილს ურთერთშეხვედრებში თანაბარი ბალანსი აქვს – 2:2. მათი პირველი შეხვედრა 2017 წელს შედგა და ამერიკელმა სამ სეტში მოიგო – 6:3, 3:6, 6:1. კიდევ სამი შეხვედრა 2021 წელს გაიმართა: დოჰაში ბასილაშვილმა მოიგო (7:6, 6:1), დუბაიში – ფრიტცმა (4:6, 6:3, 7:6), ინდიან უელსის „მასტერსზე“ – ბასილაშვილმა (7:6, 6:3).
ბასილაშვილსა და ფრიტცს შორის გამარჯვებული მეორე რაუნდში ტაივანელ ჩუნ-ჰსინ ცენგსა და ავსტრალიელ ალექსეი პოპირინს შორის მოგებულს შეხვდება.
2022 წელს ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველ წრეში ხუთ სეტში დამარცხდა ბრიტანელ ენდი მარეისთან – 1:6, 6:3, 4:6, 7:6(5), 4:6. ქართველს ავსტრალიაში საუკეთესო შედეგი 2018 და 2019 წლებში ჰქონდა, როცა მესამე წრემდე მიაღწია.