ავსტრალიის ღია პირველობაზე დაიწყო მერვედფინალისტების გამოვლენა. კაცებში ამ ეტაპზე პირველმა თამაშის უფლება მოიპოვა ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა, რომელმაც ოთხ სეტში დაამარცხა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი.
მოგვიანებით, გაირკვა ციციპასის მორიგი მეტოქე – ეს არის მსოფლიოს მესამე ჩოგანი როჯერ ფედერერი, რომელმაც უპრობლემოდ გაიარა 1/16 ფინალის ბარიერი.
ლეგენდარული შვეიცარიელის მეტოქე იყო მსოფლიოს 50-ე ჩოგანი, ამერიკელი ტეილორ ფრიტცი. როგორც მოსალოდნელი იყო, ფედერერმა მოკლე დროში – საათნახევარში სამ სეტში მოუგო ახალგაზრდა მეტოქეს – 6:2, 7:5, 6:2.
როჯერმა მთელი მატჩი ისე ჩაატარა, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მეტოქეს. აღსანიშნავია, რომ ფედერერს ავსტრალიის ღიაზე ჩატარებულ სამ მატჩში ჯერ სეტი არ წაუგია, ჯამში კი მხოლოდ ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება.