ავსტრალიის ღია 2022 - მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მეორე წრეც იოლად გაიარა #1TVSPORT
ოთხშაბათს, ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე წრე წრე დაიწყო. ერთ-ერთმა პირველმა 1/16 ფინალში ქალთა კლასიფიკაციის პირველმა ნომერმა ეშლი ბარტიმ გააღწია. ჯერჯერობით, ავსტრალიელი შესანიშნავ ფორმას აჩვენებს – საწყის ორ მატჩში მან მხოლოდ სამი გეიმი წააგო.
მეორე წრეში ბარტის მეტოქე იტალიელი ლუჩია ბრონძეტი იყო. ავსტრალიელმა 6:1, 6:1 მოიგო. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა 8 ეისი ჩააწოდა, პირველ მოწოდებაზე 22-დან 19 ქულა აიღო, ექვსი ბრეიკპოინტი გამოიმუშავა და ხუთი გამოიყენა, მეტოქეს კი ერთი ბრეიკპოინტის შანსი არ მისცა.
ბარტის შემდეგი მეტოქე ტურნირის 30-ე ნომერი, იტალიელი კამილა ჯორჯი იქნება.
ასევე მოიპოვა 1/16 ფინალში თამაშის უფლება ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ, რომელმაც ორ სეტში გაანადგურა შვეიცარიელი ჯილ ტაიხმანი – 6:1, 6:2. აზარენკამ ოთხიდან ოთხი ბრეიკპოინტის გამოყენება შეძლო, მის მეტოქეს უფრო მეტი ბრეიკპოინტი ჰქონდა, მაგრამ ხუთიდან ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა.
აზარენკას მომდევნო მეტოქე უკრაინელი ელინა სვიტოლინა იქნება, რომელმაც ფრანგი ჰარმონი ტანი დაამარცხა. სვიტოლინამ 6:3 მოიგო პირველი სეტი, მეორეში 5:7 დამარცხდა. არადა, 5:4-ზე მატჩბოლი ჰქონდა. მესამე სეტში უკრაინელი 5:1 დაწინაურდა, როცა ფრანგმა ტრავმა მოიმიზეზა და თამაში შეწყვიტა.