ავსტრალიის ღია 2020 - ვინუს უილიამსმა 15 წლის თინეიჯერთან წააგო
ავსტრალიის ღია 2020 - ვინუს უილიამსმა 15 წლის თინეიჯერთან წააგო

ქალებს შორის პირველი სათამაშო დღის ყველაზე გამორჩეულ მატჩში ამერიკელები – 39 წლის ვინუს უილიამსი და 15 წლის კოკო გაუფი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამ ჩოგბურთელთა მატჩი შარშან, უიმბლდონის პირველ წრეშიც შედგა. მაშინ გაუფს დებიუტი ჰქონდა „დიდი სლემის” ტურნირებზე და შეძლო მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრის დამარცხება. ახლა, ისტორია განმეორდა – გაუფმა ავსტრალიის ღიაზე დებიუტი ისევ ვინუსზე გამარჯვებით აღნიშნა – 7:6(5), 6:3.

ქალთა ძირითადი ბადის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე თითქმის მთელი მატჩი ფლობდა უპირატესობას. პირველ სეტში კარგა ხანი იგებდა ბრეიკით, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სამი სეტბოლი ვერ გამოიყენა და ტაი-ბრეიკის თამაში დასჭირდა, სადაც მეტოქეს დაწევის საშუალება მისცა, თუმცა, ბოლოს  მე-13 გეიმი მაინც თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში გაუფმა თავის მოწოდებაზე ძალიან დამაჯერებლად ითამაშა და ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა ვინუსს, თავად კი ერთი ბრეიკი შეასრულა და ეს საკმარისი აღმოჩნდა მოსაგებად.

მეორე წრეში თინეიჯერი ამერიკელის მეტოქე რუმინელი სორანა კირსტეა იქნება.