ამერიკელთა თინეიჯერი იმედი პირველ წრეში დამარცხდა - აშშ-ის ღია, ქალები, I წრე
ამერიკელთა თინეიჯერი იმედი პირველ წრეში დამარცხდა - აშშ-ის ღია, ქალები, I წრე

აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირზე პირველი სათამაშო დღის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ლატვიელ ანასტასია სევასტოვასა და ამერიკული ჩოგბურთის ახალ იმედს კოკო გაუფს შორის იმართებოდა.

სევასტოვასთვის აშშ-ის ღია ყველაზე უიღბლო ტურნირია კარიერაში – ბალტიისპირელმა აქ შვიდჯერ ითამაშა და შვიდივეჯერ წააგო პირველი წრე. ნავსი მერვე ცდაზე გატყდა, როცა ორ საათსა და ცხრა წუთში სევასტოვამ 27 „ვინერსის“ წყალობით სამ სეტში მოუგო მასპინძელ თინეიჯერს – 6:3, 5:7, 6:4.

პირველ ორ სეტში ჩოგბურთელებმა 11 ბრეიკი დააგროვეს. სევასტოვას უფრო იოლად შეეძლო მოგება, მაგრამ მეორე პარტიაში 4:2 უპირატესობა გაუშვა ხელიდან. მესამე სეტში მეტოქეებმა დაალაგეს თამაში საკუთარ მოწოდებაზე და მეათე გეიმამდე ბრეიკ-პოინტებამდეც ვერ მიდიოდნენ, მაგრამ ბოლოს სევასტოვამ ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და მეოთხე მატჩბოლზე შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ლატვიელს წელს კარგად გამოსდის ამერიკელების წინააღმდეგ თამაში. წლის დასაწყისში სევასტოვამ ერთგვარად ისტორიული შედეგიც კი აჩვენა – ფედერაციის თასზე მან თვით სერენა უილიამსი დაამარცხა და ეს იყო ლეგენდარული ამერიკელის კარიერაში პირველი წაგება ამ გუნდურ ტურნირზე.

მეორე წრეში სევასტოვას მეტოქე უკრაინელი კოსტიუკი იქნება.

დატოვე კომენტარი