ავსტრალიაში ტუბერკულოზის ვაქცინის COVID-19-ის წინააღმდეგ ტესტირება დაიწყეს
ავსტრალიაში ტუბერკულოზის ვაქცინის COVID-19-ის წინააღმდეგ ტესტირება დაიწყეს

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელსაც უკვე ათწლეულებია იყენებენ, ავსტრალიელი მეცნიერები ამჟამად დიდ მასშტაბებზე ტესტავენ, რათა დაადგინონ, დაიცავს თუ არა ის სამედიცინო პერსონალს COVID-19-ისგან. ამის შესახებ მელბურნის მარდოკის ბავშვთა კვლევის ინსტიტუტის მკვლევრები იუწყებიან.

BCG (Bacillus Calmette–Guérin) ვაქცინა ავსტრალიის ჰოსპიტალებში მომუშავე 4000 მედიკოსზე გაიტესტება. ამით დადგინდება, შეამსუბუქებს თუ არა ის COVID-19-ის სიმპტომებს.

„გარდა იმისა, რომ BCG ვაქცინა თავდაპირველად ტუბერკულოზის წინააღმდეგ შეიქმნა და ყოველ წელს 130 მილიონ ბავშვს უკეთდება, ის ადამიანების ასევე უძლიერებს „წინა ხაზის“ იმუნურ სისტემას — ასწავლის, როგორ უპასუხოს ინფექციას უფრო ძლიერად“, — ნათქვამია განცხადებაში.

„იმედი გვაქვს, რომ BCG ვაქცინით აცრილ სამედიცინო პერსონალში დავინახავთ COVID-19-ის სიმპტომების სიმწვავისა და სიჭარბის შემცირებას“, — ამბობს მთავარი მკვლევარი ნაიჯელ კურტისი.

კურტისის თქმით, სწრაფ ექსპერიმენტში 4000 მონაწილე უახლოეს კვირებში ჩაერთვება; ცდებს სახელმწიფოსა და ფედერალური ჯანდაცვის ხელმძღვანელებმა მწვანე შუქი უკვე აუნთეს.
„წამზომი ნამდვილად ჩართულია“, — ამბობს კურტისი.

მსგავსი ტესტირებები მიმდინარეობს სხვა რამდენიმე ქვეყანაშიც, მათ შორის ნიდერლანდებში, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში.

„ეს კლინიკური ტესტირება COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტიანობას დაადგენს და შესაძლოა, ჩვენი წინა ფრონტზე მებრძოლი მრავალი გმირი ექიმის სიცოცხლეც იხსნას“, — ამბობს კეტრინ ნორთი, მარდოკის ინსტიტუტის დირექტორი.

მისი თქმით, ამ ტესტირების მიზანი ადამიანის „თანდაყოლილი“ იმუნიტეტის COVID-19-ის წინააღმდეგ გაძლიერებაა, რაც ამ ინფექციის წინააღმდეგ სპეციფიკური ვაქცინის შექმნისთვის დროს მოგების საშუალებას მოგვცემს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი