ავსტრალია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მავნებლურ კიბერმოქმედებას გმობს
ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ მავნებლურ კიბერმოქმედებას გმობს.
„ავსტრალიის მთავრობა უერთდება საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის მიერ წინა წლის ოქტომბერში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული მავნებლური კიბერმოქმედების დაგმობაში“, – ნათქვამია ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.
საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.
კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.