ავღანეთის პრეზიდენტი - ხელისუფლებასა და „თალიბანს“ შორის სამთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდება
ავღანეთში ხელისუფლებასა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის სამთვიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდება, – ამის შესახებ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით განაცხადა. საომარი მოქმედებების დროებითი შეწყვეტა მუსლიმურ დღესასწაულ, ყურბან-ბაირამს უკავშირდება.
„ჩვენ ვუახლოვდებით დღესასწაულ იდ ალ-ადჰას. სწორედ ამიტომ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანმება ძალაში ხვალიდან, 20 აგვისტოდან შევა და მუჰამედ წინასწარმეტყველის დაბადების დღემდე დარჩება. თუმცა, ეს იმ შეთხვევაში მოხდება, თუ მოძრაობა „თალიბანი“ შეთანხმებას დათანხმდება“, – განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა.
ცენტალური აზიის სახელმწიფოში მოძრაობა „თალიბანი“ დიდ ქალაქებზე თავდასხმებს ამ დრომდე ახორციელებს. მსხვერპლი კი ხშირ შემთხვევაში მშვიდობიანი მოსახლეობაა. ამასთან, ავღანეთის ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოც“ გაძლიერდა.