ავღანელმა ქალმა სპორტსმენმა ტოკიოს პარალიმპიადაზე იასპარეზა #1TVSPORT
ავღანელმა ქალმა სპორტსმენმა ტოკიოს პარალიმპიადაზე იასპარეზა #1TVSPORT

ტაეკვანდოისტმა ზაკია ჰუდადადიმ, რომელიც რამდენიმე დღის წინ რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მიერ დაპყრობილი ავღანეთიდან გამოიყვანეს, პარალიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.

22 წლის ჰუდადადი მეორე ქალი სპორტსმენია ავღანეთის ისტორიაში, ვინც პარალიმპიადაზე გამოსულა. მან იასპარეზა 49-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში და 1/8 ფინალში დამარცხდა უზბეკ ზიოდაჰონ ისაკოვასთან. ჰუდადადის ბავშვობიდან მხოლოდ ერთი ხელი აქვს მოქმედი.

გარდა ამისა, 31 აგვისტოს ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე სიგრძეზე ხტომაში იასპარეზა 26 წლის ავღანელმა მძლეოსანმა მამაკაცმა ჰოსეინ რასულიმ, რომელიც მანამდე ასევე ევაკუირებული იყო სამშობლოდან. რასულიმ ბოლო ადგილი დაიკავა შედეგით – 4.46 მეტრი.

ავღანელი პარალიმპიელების ევაკუაცია ორგანიზებული იყო საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის, გაერთიანებული ერების, ბრიტანეთის, ავსტრალიისა და საფრანგეთის მთავრობების დახმარებით. სპორტსმენები დუბაის გავლით პარიზში ჩაიყვანეს, საფრანგეთის დედაქალაქიდან კი ისინი იაპონიაში გაემგზავრნენ.