AusOpen 2018 - ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში გავიდა
AusOpen 2018 - ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში გავიდა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებული სტარტი აიღო „დიდი სლემის“ რიგით პირველ ტურნირზე – ავსტრალიის ღია პირველობაზე. მას ორი საათი და 21 წუთი და ოთხი სეტი დასჭირდა ავსტრიელი ჯერალდ მელცერის დასამარცხებლად – 6:3, 6:4, 2:6, 6:3.

ბასილაშვილი რეიტინგის მიხედვით ფავორიტი იყო – მსოფლიოს 61-ე ჩოგანი 102-ე ნომერს ხვდებოდა. ბუკმეიკერებმაც აშკარა უპირატესობა ქართველს მიანიჭეს და ბასილაშვილმა თავიდანვე დაიწყო ფავორიტის სტატუსის გამართლება.

ქართველმა ჩოგბურთელმა ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა პირველი სეტი – პარტიაში მხოლოდ მას ჰქონდა ბრეიკპოინტები და მეექვსე გეიმში მესამე ცდიდან შეძლო ბრეიკის შესრულება, რაც საკმარისი აღმოჩნდა სეტის მოსაგებად – 6:3.

მეორე პარტიის სტარტი ბასილაშვილს არ გამოუვიდა. მეორე გეიმში მან საკუთარი მოწოდება დათმო, მეოთხეშიც ახლოს იყო წაგებასთან, მაგრამ 0:40-დან გადაარჩინა გეიმი და ამის შემდეგ ინიციატივა მის მხარეს გადავიდა. შედეგად, ნიკამ მეხუთე და მეცხრე გეიმებში ორი ბრეიკი შეასრულა და მეორე პარტიაც მას დარჩა – 6:4.

მესამე სეტი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო – პირველ ხუთ გეიმში მეტოქეები იოლად იღებდნენ საკუთარ მოწოდებებს, მაგრამ მეექვსე გეიმში მელცერმა სამმაგი ბრეიკპოინტი მოიპოვა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. 2:4 ჩამორჩენის შემდეგ, ბასილაშვილს ერთი ბრეიკპოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა, სეტის ბოლოს კი მეორედ დათმო საკუთარი მოწოდება და 2:6 წააგო. საჭირო გახდა მეოთხე სეტის ჩატარება.

მეოთხე პარტია ბასილაშვილისთვის შესანიშნავად დაიწყო – ქართველმა პირველივე გეიმში შეასრულა ბრეიკი. მესამეშიც შეეძლო იგივე გაეკეთებინა, მაგრამ სამმაგი ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა და ამის გამო დაისაჯა – მომდევნო გეიმში მელცერმა თავად შეასრულა ბრეიკი და ანგარიში გათანაბრდა – 2:2. ბასილაშვილმა სეტის და მატჩის მოგების მომდევნო შანსი მას შემდეგ მიიღო, რაც მეშვიდე გეიმში მატჩში მეხუთე ბრეიკი შეასრულა და 4:3 დაწინაურდა. ქართველმა ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა – შეხვედრა მან რიგით მეექვსე ბრეიკით დაასრულა.

მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე მოგვიანებით, ფრანგი ლუს პუიესა და ბელგიელი რუბენ ბემელმანსის შეხვედრაში გაირკვევა.