აუდიტის სამსახური საფეხბურთო კლუბ „საპოვნელასთან“ დაკავშირებულ დარღვევებზე მიუთითებს
აუდიტის სამსახური საფეხბურთო კლუბ „საპოვნელასთან“ დაკავშირებულ დარღვევებზე მიუთითებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესწავლისას საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ ფუნქციონირების პერიოდში დარღვევები აღმოაჩინა.

როგორც შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა და „საპოვნელას“ ხელმძღვანელობამ საქმიანობა წარმართეს არაჯეროვნად, დაგეგმვისა და კონტროლის ეტაპზე ვერ უზრუნველყვეს სათანადო ღონისძიებების განხორციელება, მიიღეს არაეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილებები. შედეგად, მუნიციპალიტეტის მერის და ასევე კლუბის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული ქმედებითა და უმოქმედობით დიდი ოდენობით მატერიალური და არამატერიალური ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს.

მაგალითად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2017 წლის ბიუჯეტი არასწორად დაიგეგმა, რადგან ხარჯების სრულად დასაფინანსებლად კლუბს ესაჭიროებოდა 615 ათასი ლარი, „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისაგან“ მისაღები შემოსავალი კი, მხოლოდ 250 ათას ლარს შეადგენდა.

შედეგად, სახელფასო დავალიანებების ანაზღაურების მოთხოვნით, „საპოვნელას“ უჩივლა 33-მა თანამშრომელმა, მათ შორის, ორგანიზაციის დირექტორებმაც. სასამართლოზე კლუბს არ ჰყავდა იურისტი და შესაბამისად, არავინ იცავდა მის ინტერესებს.

ყველა სასამართლო პროცესი დასრულდა მოსარჩელეების სასარგებლოდ და „საპოვნელას“ დაეკისრა 179.8 ათასი ლარის გადახდის ვალდებულება, მაშინ, როდესაც კლუბს დავალიანების სახით ერიცხებოდა მხოლოდ 57 ათასი ლარი.

„აღსანიშნავია, რომ „საპოვნელას“ ფეხბურთელები იმ პერიოდისთვის უკვე თამაშობდნენ სხვა გუნდებში. იმ შემთხვევაში, თუ ა(ა)იპ-ის ინტერესები იქნებოდა დაცული სასამართლო პროცესზე და წარდგენილი იქნებოდა ფეხბურთელებთან გაფორმებული შეთანხმების აქტები, სასამართლო, სავარაუდოდ, აღარ მიიღებდა აღიარებულ ვალდებულებაზე მეტი ოდენობით თანხების დაკისრების გადაწყვეტილებას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

კიდევ ერთი ფაქტი 2016 წელს შეეხება, როდესაც კლუბის დირექტორმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ოთხი თანამშრომელი, მათი სარჩელის საფუძველზე კი, კლუბს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 66.9 ათასი ლარის ოდენობით.

თერჯოლის მუნიციპალიტეტმა „საპოვნელა“ 2015 წელს დააფუძნა. კლუბს 2016 წელს აფინანსებდა მუნიციპალიტეტი, ხოლო 2017-2018 წლებში „ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“. კლუბი 2016 წელს თამაშობდა უმაღლეს ლიგაში, ხოლო მომდევნო წელიწადნახევარში სამი საფეხურით დაქვეითდა და საბოლოოდ შეწყვიტა ფუნქციონირება.

აუდიტის სამსახურის ცნობით, საფეხბურთო კლუბს ხელმძღვანელონდა მუნიციპალიტეტის მერი. 2016-2017 წლებში „საპოვნელაში“ შეიცვალა ხუთი დირექტორი, ხოლო მუნიციპალიტეტში ორი მერი.