აუდიტის სამსახური - ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარიმართა
აუდიტის სამსახური - ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარიმართა

ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად წარიმართა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს აუდიტის სახელმწიფო სამსახურში განუცხადეს ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ, 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ ანგარიშში მოყვანილი ციფრი – 560 645 083 ლარი სამინისტროს მიერ მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არის ასახული.

„ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშში დასახელებული, ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ღირებულება, 560 645 083 ლარი ასახულია სამინისტროს მიერ მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ფინანსური აუდიტი წარიმართა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რომლის თანახმად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ აქვს ვალდებულება, განახორციელოს სხვა უწყებაში აღრიცხული აქტივების გადაფასება. უწყების ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული აქტივების სამართლიანი ღირებულებით წარდგენა უშუალოდ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენს“, – აღნიშნავენ აუდიტის სამსახურში.

ჯანდაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს განაცხადა, რომ საქართველო ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტს იღებს უფასოდ და სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, ამ დონაციაზე გარკვეული განფასება გაეკეთებინა „ვვარაუდობ, მათ აიღეს „ვიკიპედიაში“ ან რამე ასეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულებისაა. 2018 წელს აღნიშნული მედიკამენტი რვაჯერ ნაკლები ღირდა“, – აღნიშნა სერგეენკომ.