დავით სერგეენკო - ცე ჰეპატიტის მართლაც გამორჩეული პროგრამა ზეპარტიულია და არის საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო
დავით სერგეენკო - ცე ჰეპატიტის მართლაც გამორჩეული პროგრამა ზეპარტიულია და არის საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო

ცე ჰეპატიტის მართლაც გამორჩეული პროგრამა ზეპარტიულია და არის გარკვეული საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო არაფრის ფასად, – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

დავით სერგეენკო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.

სერგეენკოს თქმით, აღნიშნულ საკითხს გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციები მოჰყვა და ვინაიდან დასკვნაში მითითებულ პერიოდში ის ჯანდაცვის მინისტრი იყო, თავი ვალდებულად მიიჩნია, განმარტებები გაეკეთებინა, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა.

დავით სერგეენკო საკითხს რამდენიმე ნაწილად ჰყოფს და აცხადებს, რომ არც პაციენტები დაზარალებულან და არც ფინანსური ზარალი ყოფილა.

„დაზარალდა თუ არა თუნდაც ერთი პაციენტი ამით – არა, რადგან განსხვავებით 2015-2016 წლებისგან, როდესაც პაციენტების მხრიდან მოთხოვნა ამ პროგრამაში ჩართვაზე უფრო მაღალი იყო, ვიდრე პროგრამის შესაძლებლობები, 2018 წელს ჩვენ გვიწევდა უფრო პროაქტიულად ძებნა, პაციენტების ამ პროგრამაში ჩასართავად. მკურნალობდნენ თუ არა იმ პერიოდში პაციენტები ვადაგასული წამლით? – არავითარ შემთხვევაში. ამ პერიოდში ჩვენ შემოსული გვქონდა ახალი პარტია ამ მედიკამენტის, რომელიც იყო ვადიანი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნული პროგრამის ფინანსურ ნაწილზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს,  ყველა დამეთანხმება, რომ ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების მედიკამენტი ერთგვარად ბრუტალურად ჟღერს და უამრავი კითხვა რჩება, რომ ადამიანებს სჭირდებათ მკურნალობა და ამ დროს ნახევარ მილიარდზე მეტი წამალი უვარგისდება. შეგახსენებთ, საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, გარკვეული განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს „ვიკიპედიაში“ ან რამე ასეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულებისაა. 2018 წელს ეს მედიკამენტი უკვე რვაჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისთვის. თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ დღეის მდგომარეობით, უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს დახარჯული 65 ათასი პაციენტის მკურნალობაზე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, პროგრამის მიმდინარეობისას საერთაშორისო პარტნიორებთან უწყვეტი კომუნიკაცია იყო და 2019 წლის აპრილში, ვენაში, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, ყველა პარტნიორის ჩართულობით, საქართველომ, როგორც ქვეყანამ, ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის წოდება მიიღო.

„რაც შეეხება იმას, იცოდნენ თუ არა ამის შესახებ პარტნიორებმა და თუ იცოდნენ, რა რეაქცია მოყვა ნახევარი მილიარდი ლარის მედიკამენტის  გაუვარგისებას, მიამიტობაა იმაზე ფიქრი, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი პარტნიორებთან უწყვეტი კომუნიკაციის გარეშე ტარდება. მათ, რა თქმა უნდა, იცოდნენ ამის შესახებ. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, შეთავაზება, რომ სხვა ქვეყნისთვის გადაგვეცა ეს ნაწილი დონაციის სახით, რადგან ვერ ხდებოდა იმ პერიოდში ათვისება, თუმცა მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს არის მხოლოდ საქართველოს ექსკლუზივი,  მედიკამენტი უფასოდ აქვს მხოლოდ საქართველოს. რა რეაქცია მოჰყვა მათგან ამას? – ამ მოვლენებიდან ერთი წლის თავზე, 2019 წლის აპრილში, ვენაში, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, ყველა პარტნიორის ჩართულობით, საქართველომ, როგორც ქვეყანამ, მიიღო ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის წოდება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

პრემიერის მრჩეველმა ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტის მართვის ნაწილზე და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიყენონ შესაძლებლობა და ცე ჰეპატიტის პროგრამაში ჩაერთონ.

„2018 წელს პაციენტების მხრიდან მოთხოვნა უფრო დაბალი იყო, ვიდრე პროგრამის ჯერადობით გაზრდილი შესაძლებლობები. თუ 2015 წელს მხოლოდ ხუთი ცენტრი აკმაყოფილებდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან მაღალ ხარისხობრივ მოთხოვნას, 2018 წელს ასეთი ცენტრი უკვე 30-მდე იყო. შესაბამისად, ჩვენ შეგვეძლო ბევრად მეტი პაციენტის მიღება. 2018-ში იყო 23 ათასი ადამიანი, რომლებმაც იცოდნენ, რომ ჰქონდათ ეს დაავადება, თუმცა ამა თუ იმ მიზეზით არ ერთვებოდნენ მკურნალობაში. დღეის მდგომარეობით, ასეთი 30 ათასი ადამიანია. მე ყოველთვის ვცდილობ, დავიცვა ექიმის კოდექსი, საიდანაც ერთ-ერთი წესი ამბობს, რომ თუ ექიმმა რაღაც აუხსნა პაციენტს, მაგრამ მან მაინც არ გააკეთა, არავითარ შემთხვევაში არ დაადანაშაულო პაციენტი. ესე იგი, შენ ვერ აუხსენი რაღაც. ამ შემთხვევაშიც ლოგიკა იგივეა. მე ამ ადამიანებს არ ვადანაშაულებ, უბრალოდ ვთხოვ კიდევ ერთხელ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

პრემიერის მრჩევლის თქმით, მედიკამენტის მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით, არა თუ ფლაკონის, აბის სიზუსტით იყო დაბალანსებული.

„გავრცელდა ინფორმაცია პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისგან, რომ მოხდა ამ მედიკამენტების ფარული გადაყიდვა და ასე შემდეგ. 2018 წლის განმავლობაში, უამრავმა საგამოძიებო თუ მაკონტროლებელმა ორგანომ ძალიან სკრუპულოზურად შეამოწმა ეს ყველაფერი. მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით არათუ თითო ფლაკონის, არამედ თითო ტაბლეტის სიზუსტით იყო დაბალანსებული“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.