აუდიტი - 2015-2016 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელებული 26 შესყიდვიდან 16 შემთხვევაში გამარჯვებული ერთი და იგივე კომპანია იყო
აუდიტი - 2015-2016 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელებული 26 შესყიდვიდან 16 შემთხვევაში გამარჯვებული ერთი და იგივე კომპანია იყო

2015-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებული ტენდერების მნიშვნელოვან ნაწილში  მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა.

ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიში 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დასრულებულ საანგარიშო პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის თანახმად, 2015 წელს ჩატარებული 78 ტენდერიდან 38 ტენდერში (49%)  მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, ხოლო 2016 წელს – 93 ტენდერიდან 44 ტენდერში (47%).

„მაუწყებლის მიერ გამოცხადებული ტენდერების მნიშვნელოვან ნაწილში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი:  2015 წელს 78 ტენდერიდან – 38 ტენდერში (49%) ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით – 2 491 952 ლარი.  2016 წელს 93 ტენდერიდან – 44 ტენდერში (47%) ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებით 1 253 280 ლარი“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, ტენდერებში, სადაც ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, 2015 წელს ფასის კლება მოხდა მხოლოდ 6%-ით, ხოლო 2016 წელს – 4%-ით.

„სრულიად განსხვავებული შედეგია, როდესაც ერთ პრეტენდენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა: 2015 წელს ფასი 20%-ით, ხოლო 2016 წელს – 40%-ით შემცირდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტი ასევე ხაზს უსვამს, რომ 20150-2016 წლებში შესყიდვების წლიური დაგეგმვა ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით.

ანგარიშის თანახმად, დეკორაციული სამუშაოების შესყიდვებში გამოცხადებულ 26 ტენდერზე (სახელშეკრულებო თანხით – 569 913 ლარი) ბაზრის კვლევა არ ჩატარებულა, ხოლო  16 შემთხვევაში ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა.

ამავე ანგარიშით,  2015-2016 წლებში განხორციელებული 26 შესყიდვიდან, 16 შემთხვევაში – გამარჯვებულად გამოვლინდა ერთი და იგივე კომპანია.

„მაუწყებლის მიერ ბაზრის კვლევის გარეშე განხორიციელებულ შესყიდვებში, სადაც მონაწილეობას მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იღებდა, მაღალია არაეკონომიურად შესყიდვის რისკები“, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ერთპრეტენდენტიან ტენდერებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ერთპრეტენდენტიანი ტენდერი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, რასაც საერთაშორისო პრაქტიკაც ადასტურებს.

„ზოგადად, სახელმწიფო შესყიდვებში ერთპრეტენდენტიან ტენდერებს, რომლებზეც ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან ისმის უსაფუძვლო ბრალდებები, გარკვეული ხვედრითი წილი გააჩნია. თუმცა, ერთპრეტენდენტიანი ტენდერი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, რასაც საერთაშორისო პრაქტიკაც ადასტურებს“, – ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში