სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ერთპრეტენდენტიან ტენდერებზე განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ერთპრეტენდენტიან ტენდერებზე განცხადებას ავრცელებს

ერთპრეტენდენტიანი ტენდერი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, რასაც საერთაშორისო პრაქტიკაც ადასტურებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ცალკეული პირები სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული თემების გარშემო მიზანმიმართული სპეკულაციებით, ფაქტებისა და მოვლენების განზრახ არასწორად ინტერპრეტირებითა და საკუთარი კონიუნქტურული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„ქვეყანაში არსებული დემოკრატიის მაღალი სტანდარტი თითოეულ ადამიანს აძლევს საშუალებას თავისუფლად და საჯაროდ გამოხატოს საკუთარი აზრი, პოზიცია და თვალსაზრისი, რაც სავსებით ბუნებრივია, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო უფლებამოსილია, გასცეს არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ დაწყებულ უსაფუძვლო, მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიას.

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა არის სრულიად გამჭვირვალე, რაც დაინტერესებულ აუდიტორიას აძლევს შესაძლებლობას, დროის რეალურ რეჟიმში დააკვირდეს გამოცხადებულ ტენდერებს. თუმცა სისტემის ტრანსპარენტულობა და ინფორმაციის ღიაობა არ უნდა იქნეს გამოყენებული საზოგადოების განზრახ შეცდომაში შესაყვანად.

ზოგადად, სახელმწიფო შესყიდვებში ერთპრეტენდენტიან ტენდერებს, რომლებზეც ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან ისმის უსაფუძვლო ბრალდებები, გარკვეული ხვედრითი წილი გააჩნია. თუმცა, ერთპრეტენდენტიანი ტენდერი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, რასაც საერთაშორისო პრაქტიკაც ადასტურებს.

ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ ყოველწლიურად იზრდება კონკურენციის დონე სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, რის დასტურადაც გამოდგება პრეტენდენტთა საშუალო მაჩვენებელის ზრდის დადებითი დინამიკა, რომელიც დღესდღეობით შეადგენს 2,14-ს, მათ შორის, ყოველწლიურად იზრდება კონკურენციის დონე ავტომანქანების სახელმწიფო შესყიდვებისას.

მაგალითად, 2017 წელს პრეტენდენტთა საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა 1,53-ს, რაც 2016 წლის მონაცემებს 5,5%-ით აღემატება.საგულისხმოა, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა,ისევე როგორც სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, სისტემაში ინტეგრირებული კითხვა-პასუხის მოდულის მეშვეობით დაუსვას შეკითხვა შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო დოკუმენტაციის მისთვის ბუნდოვან საკითხებზე, რაზედაც ეს უკანასკნელი ვალდებულია კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ ვადაში გასცეს მკაფიო და კონკრეტული პასუხი. გარდა ამისა, შესყიდვების სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ სატენდერო დოკუმენტაცია გასაჩივრებულ იქნას როგორც დავების განხილვის საბჭოში, ასევე, კონკურენციის სააგენტოსა და სასამართლოში, ნებისმიერი პირის მიერ, თუნდაც იგი არ მონაწილეობდეს კონკრეტულ ტენდერში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (2018 წლის 15 მაისამდე) გამოაქვეყნებს 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს, რომელშიც ნებისმიერი პირი ნათლად დაინახავს იმ დადებითი ტენდენციების ციფრობრივ გამოხატულებას, რასაც უკანასკნელ პერიოდში აქვს ადგილი. მანამდე კი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საზოგადოებას გარკვეული პერიოდულობით, პერმანენტულ რეჟიმში მიაწვდის კონკრეტულ, დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების ცალკეულ აქტუალურ თემებზე“, – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციაში.