პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) პრეზიდენტმა ანდრეა გაუდენციმ კომენტარი გაუკეთა საჩოგბურთო კალენდარს, რომელშიც კორონავირუსის გამო, ბევრი გაურკვეველი მომენტია. იტალიელს მიაჩნია, რომ პანდემია არ იმოქმედებს ბალახის სეზონზე, რომლის კულმინაციაც არის „დიდი სლემის“ მესამე ტურნირი – უიმბლდონი.
„ჩვენ ყველანი ვაფასებთ სხვადასხვა ვარიანტს ჩვენი კალენდრის მაქსიმალურად შესანარჩუნებლად. ამისთვის განვიხილავთ პროფესიულ ტურში დაბრუნების სხვადასხვა ვადას.
გასაგებია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბევრ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. ჩვენ კონტაქტი გვაქვს ყველა საჩოგბურთო ტურნირთან, რომელიც ბალახის კორტებზე ტარდება. და ეს ტურნირები დათქმულ ვადაში გაიმართება.
რეალობა ისეთია, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენ სხვა ვარიანტი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ დავაკვირდეთ სიტუაციას და მასზე ყოველდღიური რეაგირება გვქონდეს“, – განაცხადა ATP-ის ოფიციალურ გვერდზე გაუდენციმ.