ათენში ანარქისტებმა პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს
ათენში ანარქისტებმა პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული გამოცემა „ეკატიმერინი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, თავდასხმა ათენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან განთავსებულ პოლიციის ძალებზე გვიან ღამით განხორციელდა. უნივერსიტეტის მახლობლად სოციალისტური პარტიის „პასოკის“ ოფისი მდებარეობს. დაშავებულების ან დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
როგორც ბერძნული მედიასაშუალება წერს, უცნობია, უკავშირდებოდა თუ არა აღნიშნული თავდასხმა მიმდინარე კვირის დასაწყისში მიტაცებული შენობიდან პოლიციის მიერ თავშესაფრის მაძიებლების გასახლებას ათენის ერთ-ერთ უბანში, ექზარქიაში, რომელიც ანარქისტების ბასტიონად ითვლება.
სამართალდამცველებმა სულ 134 ადამიანი გაასახლეს. შენობასთან პოლიციის ძალები ამ დრომდეა მობილიზებული, რადგან ადგილობრივი მთავრობა შიშობს, რომ ანარქისტები შენობის კვლავ დაკავებას ეცდებიან.