ასტრონომებმა კოსმოსში აქამდე უცნობი კლასის უცნაური წრიული ობიექტები დააფიქსირეს — #1TVმეცნიერება
ასტრონომებმა კოსმოსში აქამდე უცნობი კლასის უცნაური წრიული ობიექტები დააფიქსირეს — #1TVმეცნიერება

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტელესკოპებით საკმაოდ ბევრ რამეს ვხედავთ, სულელური იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ვხედავთ ყველაფერს, რაც კი ამ უკიდეგანო სამყაროში არსებობს. მართლაც, რადიოტელესკოპებმა დააფიქსირეს ახალი სახის სიგნალი, რომელიც ასტრონომთათვის თავსატეხი გახდა.

დაფიქსირებულია ოთხი ასეთი უცნაური ობიექტი. ყველა მათგანი წრიული ფორმისაა, სამი კი განსაკუთრებით კაშკაშებს კიდეების გარშემო, სარტყლის ან ბუშტის მსგავსად, რომელიც კიდეებთან უფრო გაუმჭვირვალეა.

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოს რეი ნორისის ხელმძღვანელობით, მათ „უცნაური რადიო წრეები“ (ORC) უწოდა; კვლევა რეცენზიის მოლოდინშია, ამჟამად ხელმისაწვდომია სერვერ arXiv-ზე, შემდეგ კი ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდება.

„რადიოასტრონომიულ სურათებზე წრიული მახასიათებლები კარგად ცნობილია და როგორც წესი, ასახავს სფერულ ობიექტებს, მაგალითად, სუპერნოვას ნარჩენებს, პლანეტურ ნისლეულს, ვარსკვლავწრიულ გარსს, პროტოპლანეტურ დისკოს ან ვარსკვლავთწარმომქმნელ გალაქტიკას“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, ისინი შეიძლება მივიღოთ კაშკაშა წყაროების გადაღებისას ხელსაწყოების შეცდომის გამო.

„ვიუწყებით რადიოსურათებში ახალი კლასის წრიული მახასიათებლების აღმოჩენის შესახებ, რომლებიც არ შეესაბამება არც ერთ ცნობილ ტიპს ან ხელსაწყოს შეცდომას; ისინი უფრო ასტრონომიულ ობიექტთა ახალ კლასს ჰგვანან“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

„უცნაური რადიო წრეები“ პირველად 2019 წლის მონაცემებში შენიშნეს, რომელიც ავსტრალიაში განთავსებულმა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მგრძნობიარე რადიოტელესკოპმა, Square Kilometre Array Pathfinder-მა (ASKAP)სამყაროს ევოლუციური რუკის (EMU) პროექტის ფარგლებში შეაგროვა.

როდესაც მეცნიერებმა შეგროვებული ფოტოების შემოწმება დაიწყეს, შენიშნეს უცნაური მკრთალი წრე. ამის შემდეგ შეამჩნიეს კიდევ ერთი, შემდეგ კიდევ ერთი. ერთი შემთხვევა შეიძლება ხარვეზი ყოფილიყო, მაგრამ არა რამდენიმე. იქ რაღაც ბევრად მნიშვნელოვანი იმალებოდა.

მიუხედავად ამისა, მაინც არსებობდა გარკვეული შანსი, რომ საქმე გვქონდეს ინსტრუმენტის ხარვეზთან ან რაიმე ადგილობრივ სიგნალთან, როგორც ადრე პარკერსის ობსერვატორიამ დააფიქსირა მიკროტალღური ღუმელის სიგნალი. ამ შემთხვევაში ასეთი რამ ნაკლებად სავარაუდო ჩანს, გამომდინარე იქიდან, რომ ტელესკოპი ASKAP-ი შეგნებულად განათავსეს რადიო-წყნარ ზონაში.

ეს შესაძლებლობა გამოირიცხა, როდესაც მეოთხე „უცნაური რადიო წრე“ აღმოაჩინეს საარქივო მონაცემებში, რომლებიც 2013 წელს გიგანტურმა მეტრ-ტალღურმა რადიოტელესკოპმა შეაგროვა, ASKAP-ის ჩართვამდე ერთი წლით ადრე. ORC 1 და ORC 2 სიგნალებზე ჩატარებულმა შემდეგმა დაკვირვევბებმა სხვადასხვა ტელესკოპით, მათ შორის Australia Telescope Compact Array-ით, ეს ობიექტები ასევე გამოავლინა.

და მართლაც, ისინი ნამდვილად უცნაურია. ოთხივე „უცნაური რადიო წრე“ (ORC) მაღალგალაქტიკურ განედზეა, გალაქტიკური სიბრტყიდან გარკვეულ მანძილზე და დიამეტრში 1 არკწუთს აღწევენ. ეს კი ღამის ცაზე სავსე მთვარის დაახლოებით სამი პროცენტია; თუმცა, იმის გამო, რომ არ ვიცით, რამდენად შორს არის ისინი, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.

ოთხივე მათგანი მხოლოდ რადიო ტალღის სიგრძეში ჩანს და სრულიად უხილავია რენტგენულ, ოპტიკურ და ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში.

შესაძლებელია, რომ ისინი დაკავშირებული იყოს გალაქტიკურ აქტივობასთან, მაგრამ მხოლოდ ორ ORC-ს აქვს ოპტიკური გალაქტიკა რადიოგამოსხივების ცენტრთან ახლოს. ერთი ORC გარკვეულწილად სხვანაირად გამოიყურება — ORC 3 უფრო ერთგვაროვან დისკოს ჰგავს, დანარჩენ სამს კი უფრო სარტყლის მსგავსი შესახედაობა აქვს.

შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთი აღწერა სუპერნოვას ნარჩენს ან პლანეტურ ნისლეულს შეესაბამება და ეს სულაც არ იქნება შეცდომა. თუმცა, ასე უკვე მკვლევრებმაც იფიქრეს. პლანეტური ნისლეულების შემთხვევაში, რადიოსპექტრული ინდექსი არ შეესაბამება ORC-ების რადიოსპექტრულ ინდექსს.

რაც შეეხება სუპერნოვას ნარჩენებს, აქ პრობლემა რიცხვებია. პროგრამა EMU ცის მხოლოდ მცირე მონაკვეთს აკვირდებოდა და სამი „უცნაური რადიო წრე“ დააფიქსირა. ირმის ნახტომში სულ მცირე 50 000 სუპერნოვას ნარჩენი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ 350 გვაქვს დაფიქსირებული.

ჯგუფის აზრით, რაც არ უნდა იწვევდეს „უცნაური რადიო წრეებს“, დიდი ალბათობით ის ირმის ნახტომს მიღმაა და არის რომელიღაც მასიური მოვლენის სფერული შოკური ტალღების მსგავსი.

„ბოლო პერიოდში აღმოჩენილია გარდამავალ მოვლენათა რამდენიმე ასეთი კლასი, რომლებსაც სფერული შოკური ტალღის გამოწვევა ძალუძთ, მაგალითად, სწრაფი რადიოსიგნალები (FRB), გამა-გამოსხივების ანთებები და ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებები. თუმცა, „უცნაური რადიო წრეების“დიდი კუთხური ზომიდან გამომდინარე, ნებისმიერი ასეთი გარდამავალი მოვლენა შორეულ წარსულში უნდა მომხდარიყო“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, ასევე შესაძლებელია, რომ „უცნაური რადიო წრეები“ წარმოადგენდეს რომელიმე ცნობილი ფენომენის ახალ კატეგორიას, მაგალითად რადიოგალაქტიკის ან ბლაზარის ჭავლებს, როდესაც მას კიდიდან, ჭავლის ძირიდან ხედავ. მკვლევართა თქმით, ისინი ასევე შეიძლება წარმოადგენდეს რადიოგალაქტიკიდან ადრე ამოფრქვეული რაიმე ჭავლების ნარჩენებს.

ასევე შესაძლებელია ისიც, რომ „უცნაურ რადიო წრეებს“ ერთზე მეტი მიზეზი იწვევდეს. საიდუმლო ნამდვილად დამაინტრიგებელია. თუმცა, მეცნიერები ნამდვილად დარწმუნებული არიან ერთ რამეში — ეს რაღაც ნამდვილად არის ახალი ფენომენი ან ცნობილი ფენომენის ახალი დაფიქსირება.

უფრო მეტი პასუხის მისაღებად, შეიძლება, დიდხანს მოცდა არც დაგვჭირდეს. მონაცემებში ჯგუფმა ასევე დააფიქსირა ექვსი კიდევ უფრო მკრთალი სავარაუდო „უცნაურ რადიო წრე“; კვლევები გრძელდება.

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდება, ამჟამად კი ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე arXiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.